
11 მაისიდან, საქართველოს დაპაუზებული ეკონომიკა ამოქმედებას დაიწყებს. შეზღუდვები, ფაქტობრივად, ყველა სექტორში მოიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისა. 6-პუნქტიანი შემსუბუქების გეგმა, როგორც ჩანს, ქვეყანამ დაჩქარებული ტემპით გაიარა. ახლა დღის წესრიგში ბიზნესის მდგომარეობა დგას, რომელიც იმდენად განადგურებულია, რომ ყველა სექტორი, ხელისუფლებისაგან შეღავათებს ითხოვს.
საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპი შემდეგი კვირიდან, ქალაქების გახსნით დაიწყება და ტურიზმის ამოქმედებით გაგრძელდება. 11 მაისიდან იხსნება ჩაკეტილი თბილისი. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუზღუდავად შეეძლებათ დედაქალაქში შესვლა და გასვლა; 11 მაისიდანვე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. 14 მაისიდან მიმოსვლა აღდგება გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანში. 18 მაისს სრულად გახსნიან მარნეულს, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს. იქ ჯერ კიდევ საჭიროა ადგილობრივებს ტესტირება ჩაუტარდეთ.11 მაისიდანვე ყველა სახის წარმოებასა და მაღაზიათა დიდ ნაწილს ამოქმედების ნებართვა მიეცემა.
„ჩვენ ვთქვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო როგორც ეკონომიკური გეგმის აჩქარება, ასევე მისი გარკვეული ნაწილის გადავადება. დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია ზოგიერთი სექტორის გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც ავამოქმედეთ მშენებლობა. დღევანდელი ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ შუალედები გახსნებს შორის შევამციროთ და გარკვეული დარგები გავხსნათ უფრო ადრე", - განაცხადა პრემიერმა.
10 დღის განმავლობაში, მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმას ეტაპობრივად წარადგენს. ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და განათლება იქნება პირველი რიგის პრიორიტეტები, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, როგორ და რა პირობებში შეხვდება შეზღუდვების მოხსნას ბიზნესი, რომლის ყველა სექტორიც, მთავრობისაგან შეღავათებს ითხოვს, რათა გადარჩენა შეძლოს და ასცდეს გაკოტრებას. სასურსათო მაღაზიებისა და მიტანის სერვისის 2-3 ფირმის გარდა, ყველა კომპანიის ზარალი ძალიან დიდია.
დაზარალებულ სექტორებს შორის მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც წესი, ყველა კრიზისის დროს პირველ რიგშია. საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მათი დარგისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თანამშრომლების შენარჩუნება და წარმოების გადარჩენაა.
,,ძალიან კარგია შეღავათები, რომლებიც უკვე ამოქმედდა. სამომავლოდ მეტ სარგებელს მოელის მცირე და საშუალო ბიზნესი პროგრამიდან "აწარმოე საქართველოში". უნდა ითქვას, რომ ახლა მთავარი გამოწვევა იქნება ნაღდი ფული და მისი დეფიციტი, წარმოების გადარჩენა, თანამშრომლების შენარჩუნება. მე ვიცი, რომ ბევრ ბიზნესს უკვე მოუწია ოპტიმიზაცია. ეს ცალსახად უარყოფითი და მძიმე პროცესია“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ჭელიძემ.
პრობლემა ყველაზე მსხვილ სექტორებსაც შეეხო. მკვეთრად შემცირებული მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილის აზრით, საბოლოო შეფასება, წლის ბოლომდე შეუძლებელია.
,,როგორც ყველა კრიზისისას, ამჟერადაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ იკლო. ხალხს სჭირდება სტაბილურობის შეგრძნება, რათა შეიძინოს უძრავი ქონება და ამაში არაფერია ახალი. ხან საარჩევნო პერიოდის გამო მცირდება მოთხოვნა, ხან პოლიტიკური კრიზისის გამოისობით. ამ შემთხვევაში კი ეპიდემიური ფორსმაჟორის გამო არ იყიდებოდა სახლები და არც ახლო პერიოდში გაიყიდება.
არ მგონია, რომ შეზღუდვების მოხსნამ და ამის ფორმალურმა გაფორმებამ შეცვალოს ვითარება. როგორი იქნება შედეგი ამას მხოლოდ წლის ბოლომდე თუ შევაფასებთ. დღეს კი რეალობა ასეთია, არავინ იყიდის ბინას და უძრავ ქონებას თუ სტაბილურობის განცდა და ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს“, - განუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა.
შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, ძირითადად ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორს ეხებოდა, თუმცა მთავრობის პრეზენტაციით კმაყოფილი ბოლომდე არც ჰორეკა სექტორია. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი და რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორში წარმოდგენილი ანტიკრიზისულ გეგმა ზოგადი იყო.
„ვფიქრობთ დღევანდელი ტურიზმის სტრატეგია არის კარგი ნაბიჯი, რადგანაც ჩვენს მიერ აპრილის ბოლოს გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დიდწილად თანხვედრაშია, ის მოთხოვნები და კითხვები, რაც გვქონდა, დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა ან პასუხი გაცემულია. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიურად უნდა აღვიქვათ სახელმწიფოს ეს ნაბიჯი. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობა ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ერთადერთი, აშკარად ეტყობოდა პრეზენტაციას, რომ ზოგადი ხასიათის იყო. დანარჩენს პარასკევის შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ, როდესაც მეტი დეტალი გვეცოდინება“, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.
ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 2000-ლარიანი ჯარიმა ემუქრება. ისევ არ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯერჯერობით დახურულია სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ასევე სავაჭრო მოლები და რესტორნები. 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.