
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშანა, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ. საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნა ამ თანამდებობაზე კითხვებს აჩენს.
უკრაინული გამოცემა „უკრაინფორმი" პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი," რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა.
დავით ზალკალიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ასევე საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციამაც. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნა შეკითხვებს იწვევს.
უკრაინაში საქართველოს ელჩის მონაწილეობით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს, რა ქმედებებია აუცილებელი, რომ შექმნილმა ვითარებამ საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის ევროატლანტიკური კუთხით ერთობლივ ძალისხმევაზე, ნეგატიურად არ იმოქმედოს:
„ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.
„მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს," - ნათქვამია დავით ზალკალიანის განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიწვევით, რეფორმების საერთაშორისო სათათბირო საბჭოს ხელმძღვანელობდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა 22 აპრილს თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. მისივე თქმით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მის დანიშვნას სხვადასხვა ინტერესის მქონე ბევრი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ: „არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კანდიდატურას ასე განიხილავდნენ".
სააკაშვილის დანიშვნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციაშიც და საბოლოოდ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დადგა.
უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩს გაიწვევენ.