
საქართველოში ახალი კორონავირურისით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. გარდაცვლილი 45 წლის ქალი იყო და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს.
„ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის" ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური).
„მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი," - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ქართველებს, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, დაავადების შედეგად 13 პირი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა შემთხვევაში დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმებშია გამოვლენილი.
„განსაკუთრებული ყურადღების საგანია ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეები საზღვარგარეთ. კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული მათი ოჯახის მიმართ.
„არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით," - აღნიშნა მინისტრმა.
პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. როგორც ზალკალიანმა თქვა, ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების გამო საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახმელეთო და საზღვაო გზების მეშვეობით საქართველოში 3 946 მოქალაქე დაბრუნდა, რაც ურთულეს პროცესთან - დერეფნების უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. მისივე ინფორმაციით, ჯამში ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 19 417 მოქალაქეს.
საქართველოში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4 702 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459.