თამთა ჩაჩანიძე
08.05.2020

„რა რეაქცია ექნებოდა უკრაინას საქართველოში თანამდებობაზე იანუკოვიჩი რომ დაენიშნათ?"-ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას.

„რეზონანსი: საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებამ ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო, როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე როგორ აისახება?

ვახტანგ მაისაია:ელჩის გამოწვევა იმიტომ მოხდა, რომ საქართველოში სისხლის სამართლის დამნაშავე და ავტორიტარული რეჟიმის აპოლოგეტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნა. წარმოდგინეთ,რა რეაქცია ექნებოდა უკრაინას საქართველოში თანამდებობაზე იანუკოვიჩი რომ დაენიშნათ? ანალოგიურად იგივე საკითხი მინდა დავსვა, თუ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლებისთვის იანუკოვიჩი ავტორიტარული რეჟიმის სახეს წარმოადგენს და მაიდანის სისხლიან დარბევაშია დადანაშაულებული, სააკაშვილიც ასევე უსწორდებოდა,როგორც იანუკოვიჩი თავის ოპონენტებს და არა მხოლოდ ოპონენტებს, მან მოსახლეობა ციხეებში ჩაყარა,ქუჩებში 140 ახალგაზრდა იპოვეს მოკლული, დემონსტრაციები სსისხლიანი დაშლა ხდებოდა,გამოიყენებოდა ქიმიური იარაღი, 7 ნოემბრის აქციების შედეგად დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს ლამის ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესა.სააკაშვილი ქართველი იანუკოვიჩია.

ესაა ელემენტარულად მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივის არ ცემა, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტს რომელი ქვეყანა შეგიბღალავს,პირდაპირი მტერი რუსეთი-ოკუპაციით,თუ მეგობარი უკრაინა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და სასმართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არ სცნობს და კორუფციულ სისხლის სამართლის დამნაშავეს მაღალ თანამდებობას ანიჭებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ უკრაინაში ჩავიდეს და იქ ასეთი უფლებამოსილებით მიხეილ სააკაშვილი დახვდეს, ან ის,ან საქართველოს ნებისმიერი თანამდებობის პირი სისხლის სამართლის დამნაშავეს მაგიდასთან დაუჯდება? ეს გარკვეულწილად სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში კარგს არაფერს არ შემატებს,მაგრამ იმედი მაქვს,რომ ეს ურთიერთობები ისეთივე თბილი და კარგი დარჩება,როგორიც მანამდე იყო.

„რ": ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომეზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

ვ.მ.: თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მიღწეულ იქნა, საგანგებო სიტუაციამ და სხვა ბარიერებმა ამ გადაწყვეტილებაზე ჩემი აზრით არუნდა იმოქმედოს, პარლამენტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, საპარლამენტო ოპოზიციამაც ბოიკოტი შეწყვიტა და როგორც ჩანს მმართველი პოლიტიკური პარტია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და საარჩევნო სისტემაზე ჩემი აზრით, ცვლილებას შეიტანს და შეთანხმებას შეასრულებს.

იმედია,რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მითუმეტეს, რომ 22 მაისს სავარაუდოდ შესაძლოა საგანგებო სიტუაცია მთლიანად მოიხსნას, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა რბილდება.

„რ": როგორ წარმოგიდგენიათ პანდემიის შედეგ მსოფლიო ქაოსის დალაგება და რა კუთხით შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი?

ვ.მ: მსოფლიო წესრიგი რომ შეიცვლება,ეს ფაქტია, მულტიპოლარული წესრიგი იქნება, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ექსპერტთა ჯგუფმაც დააფიქსირა, რომ სამპოლუსიანი იქნება -რუსეთი,ჩინეთი და ამერიკა, პრინციპში ახალი ცივი ომი ამერიკას და ჩინეთს შორის უკვე დაიწყო, მსოფლიო წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი პარამეტრი ტრიპოლარული, ანუ სამპოლუსიანი იქნება.

სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ ცივმა ომმა მთვარეზეც გადაინაცვლა და გალაქტიკური ტიპის მსოფლიო დაპირისპირება მივიღეთ, ამერიკელები მთვარეზე გარკვეული ტერიტორიების შემოღობვას იწყებენ, ამბობენ, რომ თუ რუსული ან ნებისმიერი მხარე ასეთ შეღობვას დაიწყებს,ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ.რუსეთმა ამაზე უპასუხა, რომ ეს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შებღალვაა და ამას ასე არ დატოვებს, მგონია, რომ პოლიტიკური ბრძოლა დედამიწიდან ახალ გარემოში,უკვე მთვარეზე გადავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×