ელზა პაპოშვილი
08.05.2020

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის  ვლადიმერ ზელენსკის მიერ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის  რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნას აფასებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებისთვის სილის გარტყმის ტოლფასია. მისი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას ზედმეტი მოუვიდა და სააკაშვილს დანიშვნას ბიძგი მისცა. ამბობს, რომ ერთ  ადამიანს გადააყოლა ორი ქვეყნის ისტორიული ურთიერთობა, სიბრიყვე და უცოდინარობაა, რაც უფრო საშიშია ვიდრე სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა. 

გია ხუხაშვილი: გარკვეულწილად,რა თქმა უნდა, სააკაშვილსი უკრაინაში დანიშვნა საქართველოს ხელისუფლებისთვის  სილის გაწვნის ტოლფასია. ესაა პრობლემატური გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლებისთვის, მაგრამ თავის თავს დააბრალონ. სააკაშვილს მაღლა თამასა თავად „ოცნებამ“ აუწია. მიიღეს ის პასუხი, რაც სამწუხაროდ მოსალოდენლი იყო. ის რეაგირება, რაც საქართველოდან მოხდა, ძალიან მცდარი ნაბიჯი იყო. ლამის ულტიმატუმები წაუყენეს, მუქარანარევი განცხადებები აკეთეს. ამან პრინციპში უკუ შედეგი მოიტანა. პირქით, უკრაინის განწყობა სააკაშვილის სასარგებლოდ შეატრიალა. სამწუხაროდ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. 

„რ“: ამ ულტიმატუმების და უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ, როგორ მიგაჩნიათ საქართველოს და უკრაინის ურთიერთობის გაგრძელება? 

გ.ხ: არ მგონია რაიმე განსაკუთრებული მოხდეს. არ შეიძლება სახლმწიფოებს შორის ურთიერთობა მხოლოდ ერთ ადამიანზე  გადიოდეს. თუ ვინმე ამ კუთხით საკითხს დააყენებს, სრული უგუნურება იქნება. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და ქვეყნები რჩებიან. თუ ხელისუფლება ახლა ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას ამ ერთი ადამიანის ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟს გადააყოლებს, ესეგი ის სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს. ეს უფრო უარესი სცნარია, მაგრამ არ მგონია, რომ სიტუაცია აქმადე მივიდეს. 

„რ“: თქვენი აზრით, მაშინ ახლა როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება. ზალკანიანმა თქვა, რომ საქართველოს ელჩის გამოწვევა არ იგეგმება, თუმცა უკრაინის ელჩი გუშინ შეხვედრაზე  იყო დაბარებული. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახლა მთავრობამ? 

გ.ხ: ამ რიტორიკას ვეღარ გააგრძელებენ. რაც იყვირეს და ილაპარაკეს, ისედაც სისულელე იყო. სრულიად გადაამლაშეს. ამიტომ ახლა ჩუმად იყვნენ, ის ურჩევნიათ. უბრალოდ გაკვირვება უნდა გამოეთქვათ და წერტილი. ამას შედეგი მოჰყვება და ასე შემდეგ, საუბარი არ გამოვა. ვის ემუქრები, რას იმუქრები, რამის თავი მაინც გქონდეს.ახლა ძალიან ბრიყვულ მდგომარეობაში არიან. დაემუქრნენ და რეალურად არაფრის თავი არა აქვთ. როცა დიპლომატიაში შენ ვიღაცას რაღაცას ჰპირდები და არაფერს აკეთებ, კაპიკია შენი ფასი. რა შეუძლიათ უკრაინას რა უნდა დაუშავონ. უბრალდო თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ. 

„რ“: პრემიერის გიორგი გახარიას ანტიკრიზისულ გეგმას მინდა შევეხოთ. როგორ ფიქრობთ, ტურიზმი რატომ გამოყო ცალკე დარგად და რამდენად გაუწევს ეს გეგმა რელურად ბიზნსესს დახმარებას? 

გ.ხ: ტურიზმის ცალკე დარგად გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ყველა პროცესს საარჩევნო პრიზმაში უყურებენ. მექანიკურ აღდგენაზე არიან და რეალურად არც არაფრის შეცვლას არ აპირებენ. იმის შენარჩუნებას ცდილობენ, რისი შენარჩუნებაც შეუძლებელია. ხომ სრულიად გასაგებია, რომ წლევანდელი სეზონი სრულიად ჩავარდნილია. ამ კუთხით ეკონომიკური რესტარტის სტრატეგიის ტურიზმზე აგება ძალიან არასერიოზულია. 

„რ“: თქვენც ოპოზიციის მსგავსად მიგაჩნიათ, რომ „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანია აქვს წამოწყებული და ეს მხოლოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად კეთდება? 

გ.ხ: გასაგებია, რომ პოლიტიკურად ხელისუფლება ყველაფერს გამოიყენებს და ამაში გასაკვირი არც არაფერია. როდესაც ხელისუფლება გაჭირვებულებს სოციალურ დახმარებას აძლევს, ოპოზიციის ადგილას არ გავაკრიტიკებდი და მაინც და მაინც ეს სწორი საქციელი არ მიმაჩნია. ფაქტია, რომ ხელისუფლება მსგავსი სიტუაციის გამოყენებას შეეცდება. მას საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული ეკონომიკური გეგმა აქვს, თუმცა ჯერ არ წარმოუდგენია. იმ სახით რაც გვქონდა კორონავირუსამდე ეკონომიკა, ვერ შევინარჩუნებთ, წარმოუდგენელია. შესაბამისად მარტო ეკონომიკის რესტარტის პრობლემა კი არა გვაქვს, არამედ სტრუქტურის ცვლილება და მისი მოდერნიზებაა საჭირო. აქ არათუ გეგმა არარის, არამედ ზოგადი ხედვაც ვერ დავინახე. 

„რ“: როგორ ფიქრობთ, პანდემიას ხელისუფლება საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ჩასაგდებად გამოიყენებს? ჯერ კვლავ ბუნდოვანია, როგორ ჩატარდება არჩევნები...

გ.ხ: ჩემი ხედვა არის ძალიან მარტივი,  პოლიტიკაში სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.  თუ პოლიტიკაში სიტყვა აზრს კარგავს, მაშინ პოლიტიკაც უაზრო ხდება. თუ რამე შეთანხმება იყო, ის აუცილებლად უნდა შეთანხმდეს. მე არ ვიცი რაზე ისაუბრეს, მაგრამ თუ პარტიას შეუძლია დილას შეგპირდეს და საღამოს  გადაგაგდოს, იქ პოლიტიკაზე საუბარი აღარ არის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×