ჯერჯერობით არანაირი თარიღი არ სახელდება, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების ბოლო ვადა სავარაუდოდ, ივნისია
ნინა გარდაფხაძე
08.05.2020

ორშაბათიდან საქართველოში, ეკონომიკის დიდი ნაწილი იხსნება. აღდგება სამუშაოებიც, თუმცა ხელისუფლება ჯერ კიდევა არაფერს ამბობს, როგორ უნდა შეძლონ დასაქმებულებმა სამსახურამდე მისვლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის თარიღი კვლავ უცნობია. ,,რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტები ამბობენ, რომ 11 მაისიდან, მთავრობა ამის აუცილებლობას უშუალოდ ხალხისგან დაინახავს.

კორონავირუსის გავრცელების შეკავებისა და აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აპრილის შუა რიცხვებში საქართველოში მოქმედებდა ყველაზე მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის ავტომობილით გადაადგილებაზე აკრძალვა. 27 აპრილის შემდეგ ხელისუფლებამ მათი ეტაპობრივი შერბილება დაიწყო. სავარაუდოდ, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას ოთხი ეტაპის გავლის შემდეგ დაუბრუნდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე გვიან ამუშავდება დაჯერ კიდევ არ არის ცნობილი რომელი ეტაპიდან. 

არც აღმასრულებელი ხელისუფლება და არც დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახური ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, არადა უკვე კონკრეტულად არის გაწერილი ქვეყნაში შიგა და გარე ტურიზმის აღდგენის ვადები და ასევე ისიც, როდიდან დაიწყება ავიამიმოსვლა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრის გადაყვანა, რატომ არის განსაკუთრებულად დიდი საფრთხე ავტობუსები ან მეტრო და რა აზრი აქვს ეკონომიკის გახსნას, თუკი დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლის საშუალება არ ექნებათ? 

რა სქემით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როდიდან არის მიზანშეწონილი გადაადგილების სრულფასოვანი დაშვება, ,,რეზონანსი“ შეეცადა შეფასებები და რეკომენდაციები სამედიცინო და სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებთან გადაემოწმებინა. 

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ საკითხში, ისე როგორც პანდემიის დროს შეზღუდვებსა და მის შემსუბუქებაში, გადამწყვეტ როლს, ეპიდემიოლოგთა აზრი ითამაშებს. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, მგზავრებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, დღეისთვის აღიარებულია, რომ თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის დაახლოებით, 50-70%-მდე შეამცირებს რისკს, რომ ჯანმრთელ ადამიანს თავისი დაავადება გადასდოს. ხოლო თუ ჯანმრთელი ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის შეიმცირებს რისკს, რომ მის ლორწოვან გარსებზე ვირუსი მოხვდეს.

"რეკომენდებულია დღესდღეობით, რომ ყველამ დახურულ სივრცეში გამოიყენოს ნიღაბი განსაკუთრებით ახლო ურთიერთობების დროს, ეს გულისხმობს 1 მეტრზე ახლო ურთიერთობას, საუბარს. ვფიქრობთ, რომ თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა იმ პერიოდშიც კი, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, რეკომენდებული უნდა დარჩეს მგზავრების მიერ სატრანსპორტო სივრცეში ნიღბის გამოყენება. ეს შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს", — განაცხადა ზახაშვილმა.

ცნობილია, ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციაც. ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს.

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ 11 მაისიდან, როდესაც ეკონომიკის მასობრივი ამუშავება დაიწყება, ხელისუფლება გაიგებს ხალხის ხმას, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა. 

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდაციები ისეთი იქნება,  ის რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველასათვის გასცემს. ეს არის პირბადე, ფარი და ფიზიკური დისტანცირება. განსაკუითრებული პრობლემა საქართველოში მსგავსი პრაქტიკისა და კულტურის არარსებობასთან ერთად ისიცაა, რომ არ გვყავს საკმარისი ავტოპარკი, რათა მოქალაქეებმა დისტანცირების წესების დაცვით შეძლონ გადაადგილება.

11 მაისიდან, როცა სამსახურების დიდი ნაწილი აღდგება და ეკონომიკა ამუშავდება, განსაკუთრებით გამოჩნდება ტრანსპორტის საჭიროება და ხალხის ხმასაც გავიგონებთ. ეს იქნება გარდაუვალი აუცილებლობა. პირველად, ალბათ, ავტობუსებისა და მეტროს აღდგენაზე იქნება საუბარი და ბოლოს ამ მხრივ ყველაზე პრობლემურ ტრანსპორტზე წავა მსჯელობა, სადაც დისტანციის დაცვა რთულია“, -უთხრა ლალიაშვილმა ,,რეზონანსს“. 

გაჩერებული რტანსპორტი, დიდ დისკომფორტს საზოგადეობის ფართო მასებისათვის არ ქმნიდა, სანამ სამსახურების აღდგენა დაიწყებოდა, თუმცა 11 მაისიდან რეალობა რომ შეიცვლება, ამაზე სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან. 

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ მერიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი  საერთოდ გააჩერა. ახლა იგი მყისიერად, წესებისა და ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა აღდგეს. 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა აკრძალულიყო. სოციალურად შეჭირვებული ძალიან ბევრია საქართველოში. მათ შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ტაქსით გადაადგილდნენ. როგორც წესი, როდესაც ეპიდემიაა, სამედიცინო დაწესებულებში მიმართვიანობა იზრდება. უნდა უზრუნველყონ ხალხი, რომ საავადმყოფოებში დროულად მისვლა შეძლონ. როდესაც ეს გზა ჩაჭრილია, ძალიან ცუდია. 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირველ რიგში საგანგებო წესები უნდა იქნას დაცული. არც ის არის სწორი, რომ ქართველი ხალხი, თურმე არ იცავს დისციპლინას. ამ პანდემიამ საპირისპირო დაგვანახა, თუ აუხსნი რა და რატომ კეთდება ყველაფრის დაცვა მარტივად შესაძლებელია, უკეთესად, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში აკეთებენ. ახლა, როცა არაფერი მუშაობს, ჯერ კიდევ არ ჩანს ტრანსპორტის აუცილებლობა და  როგორც კი ეკონომიკის გახსნა დაიწყება, გამოჩნდება საჭიროებაც“, - აღნიშნა "რეზონანსთან" მესხიშვილმა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მეტროს რეაბილიტაცია დაანონსებულ ვადებში დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები არ შეჩერებულა და მაქსიმალური ძალისხმევით გრძელდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ დოლარზე მეტია. განახლდება ან გამოიცვლება მთლიანად მეტროს ელექტროკაბელები და სავენტილაციო სისტემა. სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხსა და ენერგო ეფექტურობა. პროექტი 2020 წლის ივნისში უნდა დასრულდეს და ალბათ, ეს არის ბოლო ვადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასამოქმედებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×