
ევროპარლამენტარის ღია წერილსა და მიმართვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება უნდა შეასრულოს, ანალიტიკოსთა ნაწილი „ქართულ ოცნებაზე" განახლებულ ზეწოლად აფასებენ. ეს არის ერთგვარი შეხსენება, რომ საქართველოს მთავრობას ოპოზიციურ სპექტრთან გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს, რაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნათა ნუსხაში შედის.
ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი, რასაც მმართველ გუნდში უსაფუძვლო და არაკომპეტენტური უწოდეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით კი, ეს ზეწოლის დასაწყისია, რაც უახლოეს მომავალში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე განხორციელდება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საპატიმროდან გამოშვება იმის დასტური იქნება, რომ ისინი პოლიტპატიმრები იყვნენ:
„ზეწოლა უკვე განახლდა და ალბათ ანალოგიური მანევრები გაგრძელდება, - პოლიტიკური ბრძოლაა. არ მგონია ამან შედეგი გამოიღოს. პასუხი არის მკაფიო და რთული სიტუაციაა ამ მხრივ.
„დავუშვათ გამოუშვეს ეს სამივე პირი, ხელათ ატყდება საუბარი, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით იყვნენ დაჭერილი და ასეთ ლოგიკურ ხაფანგში რატომ უნდა გაყოს თავი ხელისუფლებამ?" - აღნიშნა საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ „ქართულ ოცნებას" აუცილებლად მოუწევს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა:
„ეს მინიშნებაა, - საერთაშორისო საზოგადოებას არ დავიწყებია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება; შეტანილ უნდა იქნეს შესწორება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონში, რომლის მიხედვითაც, მაჟორიტართა რიცხვი უნდა შემცირდეს.
„შედეგი უნდა მოიტანოს, რადგან ხელისუფლებას მოუწევს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, შეამციროს მაჟორიტართა რიცხვი საქართველოში. ამ შემთხვევაში თანასწორი პირობები იქნება არჩევნების ჩასარატარებლად," - თქვა ჩიტაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.