ტატა შოშიაშვილი
09.05.2020

„ოსური მხარე პროპაგანდას ეწევა და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ „ჩვენ ეთნიკურ ქართველებს კი არ ვერჩით... აი, ძეგლი აღვაგდინეთ. ჩვენ ვერჩით ქართულ პოლიტიკას... მოსკოვიდან გარკვეული ინსტრუქცია არებობს იმისა, რომ შეაკეთონ, შეალამაზონ, გააუმჯობესონ ის ძეგლები თუ მემორიალური ადგილები, რომელიც მოქალაქეებს მეორე მსოფლიო ომის გმირებს ახსენებს. რამდენად ეფექტური იქნება ოსების ეს პროპაგანდისტული ნაბიჯი, საკითხავია, მაგრამ მათ ეს მიზანი ჰქონდათ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, გიორგი ბერუაშვილის ბიუსტის აღდგენა ცხინვალში.

გიორგი ბერუაშვილი 1916 წელს თბილისში დაიბადა და 27 წლის ასაკში, 1944 წლის 14 იანვარს უკრაინაში, ჩერკასკის რაიონის სოფ. ბოსიევკასთან დაიღუპა. დაკრძალულია უკრაინაში, სოფელ ბოსოვკის ძმათა სასაფლაოზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მესანგრეთა ათეულის მეთაური იყო და 1943 წელს წარმატებულად ჩატარებული საბრძოლო ოპერაციის გამო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. მაშინ ბერუაშვილმა, 6 თანამებრძოლთან ერთად, სრულ ერთ კვირაში ბორნით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე 1500 შეიარაღებული მებრძოლის გადასვლა და ასევე 20 ქვემეხის, 35 ნაღმსატყორცნის, 3 საზენიტო ტყვიამფრქვევის და 900 ყუთი საბრძოლო მასალის გადატანა უზრუნველყო.

ჰქონდა თუ არა გიორგი ბერუაშვილს რაიმე კავშირი ცხინვალთან და რატომ გადაწყვიტეს თავის დროზე მისი ძეგლის მაინცდამაინც ცხინვალში დადგმა, გაურკვეველია.

საბჭოთა კავშირის გმირის გიორგი ბერუაშვილის ბიუსტის აღდგენასთან დაკავშირებით, ცხინვალში ე.წ. დიდების ხეივანში საზეიმო ღონისძიება 8 მაისს გაიმართა, რომელსაც „პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვთან ერთად „რესპუბლიკის" ე.წ. კულტურის მინისტრი, „დეპუტატები", რუსეთის ე.წ. ელჩი დაესწრნენ.

ღონისძიება „კულტურის მინისტრმა" ჟანა ზასეევამ გახსნა. მისი ინფორმაციით, გიოგრი ბერუაშვილის ბიუსტი, ქალაქში განთავსებული სხვა ძეგლების მსგავსად, 90-იან წლებში ცხინვალში შესულმა ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაანადგურეს.

„პრეზიდენტმა" ბიბილოვმა კი ბერუაშვილის ეროვნებაზე გააკეთა მინიშნება:

„ჩვენთვის ჩვენი გმირები ეროვნების მიხედვით არ იყოფიან. მოდით გვახსოვდეს, დავაფასოთ და პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვაჩუქეს მომავალი", - განაცხადა ბიბილოვმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცხინვალში საკუთარი ნებით გადაწყვიტეს ბერუაშვილის ძეგლის აღდგენა, თუმცა ბიბილოვმა მოახერხა აღნიშნული სიტუაციის სათავისოდ გამოყენება:

„სავარაუდოდ, მოსკოვიდან გარკვეული ინსტრუქცია არებობს იმისა, რომ შეაკეთონ, შეალამაზონ, გააუმჯობესონ ის ძეგლები თუ მემორიალური ადგილები, რომელიც მოქალაქეებს მეორე მსოფლიო ომის გმირებს ახსენებს.

„მაგალითად, რუსეთში, ვოლგოგრადში დგას მეორე მსოფლი ომისთვის მიძღვნილი ყველაზე დიდი ძეგლი მთელ ევროპაში, რომელიც გაარემონტეს და ასევე გუშინ საზეიმოდ გახსნეს. როგორც ჩანს, დიდი კამპანიის ნაწილია ამ ძეგლებისა და ბიუსტების გარემონტებისა. იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ რესტავრაციის აღნიშნული სამუშაოები მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში არ მიმდინარეობს და რუსეთის გავლენის ქვეშ არსებულ ყველა ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკაში ტარდება", - განმარტა არეშიძემ.

ექსპერტის თქმით, ის, რომ ბიბილოვის პირდაპირი ბრძანებით დაიგეგმა და ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები და კონკრეტულად გიორგი ბერუაშვილის ბიუსტი აირჩიეს, შემთხვევითი არაა და პროპაგანდის ნაწილია:

„ამით ოსური მხარე პროპაგანდას ეწევა და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ „ჩვენ ეთნიკურ ქართველებს კი არ ვერჩით, გვაბრალებენ ეთნიკურ ქმენდას და ა.შ. აი, ძეგლი აღვაგდინეთ! ჩვენ ვერჩით ქართულ პოლიტიკას და არა ქართველებს". ამ ნაბიჯში მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული კომპონენტია ჩადებული.

„დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მსჯელობდნენ ამ ბიუსტის აღდგენა-არაღდგენის შესახებ, აუცილებლად იქნებოდა საუბარი იმაზე, ღირს თუ არა ამ ბიუსტის აღდგენა, რადგან ქართველია და ვინმემ სხვანაირად არ შეხედოს ამ ნაბიჯს.

„მსჯელობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არგუმენტი იქნებოდა სხვა - პირიქით, ჯობია აღვადგინოთ ქართველის ძეგლი, რითაც მთელ მსოფლიოში ვიტყვით, რომ ქართველებს არ ვერჩით.

„შესაბამისად, გადაწყვეტილება არა მარტო მოსკოვის ინსტრუქციის სასარგებლოდ იქნა მიღებული, არამედ თავიანთი შიდა პოლიტიკური კონტექსტიდანაც გამომდინარე. ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლეს. რა თქმა უნდა, ოსი გმირის ძეგლებიც რომ ჰქონოდათ აღსადგენი, მასაც აღადგენდნენ, ორი აზრი არ არსებობს. რამდენად ეფექტური იქნება ოსების ეს პროპაგანდისტული ნაბიჯი, საკითხავია, მაგრამ მათ ეს მიზანი ჰქონდათ", - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×