
ახალ საარჩევნო მოდელზე (120/30) გადასვლის ჩავარდნის საფრთხე დღეის მდგომარეობით არ არსებობს, თუმცა ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის ეჭვს, რომ საპარლამეტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შეთანხმება ჩავარდება და მმართველი პარტია ამას კორონავირუსის ეპიდემიას დააბრალებს.
„მგონია, რომ არავითარი საფრთხე ამას, ახლა მით უმეტეს, არ ემუქრება. იმიტომ, რომ ჩვენ თითქოს ეპიდემიის აფეთქების საფრთხე გადავიარეთ, რადგან ნელ-ნელა შეზღუდვები იხსნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ასევე ნელ-ნელა მოვახერხებთ.
„ასე რომ, ყველაფერი მოესწრება, მაგრამ თუ ოპოზიციამ გარკვეული პრეტენზიების გამო მონაწილეობა არ მიიღო, ჩვენ ამდენი რესურსი არ გვაქვს, რომ ეს (120/30 საარჩევნო სისტემა) გავიტანოთ.
„თუ ამას აჰყვა ის ჯგუფიც, რომლებიც ჩვენგან გავიდნენ, მაშინ ჩვენ, ბუნებრივია, ახალი საარჩევნო სისტემის გატანას ვერ შევძლებთ. მაგრამ სიტყვას, რომელიც იყო თქმული, იმედი მაქვს, რომ შევასრულებთ, თუ ვირუსის აფეთქება არ მოხდა. მაგრამ მგონია, რომ ვირუსი უკვე გასულია და არა მგონია, რომ ეს მოხდეს."-გნაცხადა მან.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა, პარლამენტი ამ საკითხის განხილვას როდის დაუბრუნდება, უმრავლესობის დეპუტატმა გვიპასუხა:
„ალბათ უკვე 22-ის შემდეგ, თუ არ იქნება აუცილებლობა, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს, რასაც ჩვენ თვითონ ჩვენი თვალით შევხედავთ. ჯერჯერობით ეპიდემიის კონტროლი მიდის და ზომიერების ფარგლებშია, ვნახოთ, ყველაფერი ეპიდემიიდან გამომდინარეა. ასეთი ეპიდემიის გამოცდილება არავის გვაქვს. თუ ეს ჩვენ ნელ-ნელა გავისტუმრეთ და როგორც დღესაა, ასეთ კონტროლს ბოლომდე მივაღწიეთ, მაშინ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ჩვენგან („ქართული ოცნებისგან") არავითარი საფრთხე არ ემუქრება", -განაცხადა ქანთარიამ.