
არც ისე დიდი ხნის წინ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირების მცირე მასშტაბების გამო აკრიტიკებდა და შედარებისათვის უკრაინის მოგალითი მოჰყავდა, რომლის ხელისუფლებამაც, მათი ცნობით, ოპერატიულად შეძლო სწრაფი ტესტების საჭირო რაოდენობის შეძენა და უკრაინაში ტრანსპორტირება. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ მოსახლეობის ტესტირების მასშტაბებით დღეს საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს უკრაინას. ოპოზიციაში კი დღეს აცხადებენ, რომ საქართველო ამ მხრივ არა უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებს უნდა შეედაროს.
„საქართველო უკრაინას კი არ უნდა შევადაროთ, საქართველო უნდა შევადაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ტესტირებაში წარმატებულები არიან", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
20 მარტს კი იგი საქართველოს მთავრობას ურჩევდა, სწრაფი ტესტების ჩამოტანაში უკრაინისთვის ეთხოვა დახმარება, რომ იმ თვითმფრინავით, რომლითაც ჩინეთიდან უკრაინისთვის დიაგნოსტირების საშუალებები უნდა წაეღოთ, საჭირო ინვენტარი საქართველოსთვისაც ჩამოეტანათ.
ოფიციალურ მონაცემებით, საშუალოდ 1 მილიონ მოსახლეზე უკრაინაში კორონავირუსზე 4 034 ტესტი გაკეთდა, ხოლო საქართველოში - 7 452.

ვაშაძე აცხადებს, რომ 20 მარტს გაკეთებული მისი განცხადება იყო ხელისუფლებისადმი შეთავაზება, რათა თუ მათ შესაბამისი აღჭურვილობის ჩამოტანის პრობლემა ჰქონდათ, შეეძლოთ აღნიშნული რეისი გამოეყენებინათ.
„ის რეისი უკრაინაში ჩამოფრინდა და შესაბამისი აღჭურვილობა ჩამოიტანა. საქართველო უკრაინას კი არ უნდა შევადაროთ, საქართველო უნდა შევადაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ტესტირებაში წარმატებულები არიან, ამ მხრივ კი საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს. ჩვენ ორი თვე დავკარგეთ და 7 მაისს დაიწყეს ტესტების შეძენა, მაშინ როდესაც ეს 7 მარტს უნდა გაეკეთებინათ.
„რაც შეეხება სპეც რეისს, ეს იყო, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული აქცია, რომლისთვისაც უკრაინაში თანხა საჯაროდ შეაგროვეს და ეს ტესტები და ეს აღჭურვილობა უკრაინაში ჩავიდა. უბრალოდ, უკრაინა საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყანაა. შეიძლებოდა და ერთ-ერთ ვარიანტად ვუთხარი, რომ ამ რეისის გამოყენება შეიძლებოდა, თუ მათ ჩამოტანის პრობლემა ჰქონდათ.
„ჩვენ ათჯერ ნაკლებ ტესტს ვაკეთებთ, ვიდრე აკეთებს ისრაელი. უკრაინა რომ ბანძია თავის მუშაობაში, ჩვენც ისეთივე ბანძები ხომ არ უნდა ვიყოთ?" - თქვა ვაშაძემ.