
საქართველო გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე ტურიზმის სექტორს გახსნის. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ქვეყანა მიიღებს ტურისტებს უცხოეთიდან, რაც ექიმი-ინფექციონისტრის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებულია, რადგან ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურად შეაფასა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ისიც, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სექტემბერში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება სწორედ საქართველოში ჩატარდება.
„გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან.
„ეს ყველაფერი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომლის წილის გაზრდაზე მუდმივად ვმუშაობდით", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ნაადრევია თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, ამ მხრივ ქვეყანას დიდი სიფრთხილე მართებს.
„ერთი მხრივ, რაც უფრო ჩაკეტილი იქნება საზღვრები, მით უკეთესია, მაგრამ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის იმდენად ძლიერი, რამდენადაც სხვა ქვეყნები. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშნელობისაა ქვეყნის ბიუჯეტის შევსება, რასაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა კორონავირუსმა.
„თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად შემოწმდება შემოსული ტურისტი და გაივლის გარკვეულ გამოკველევებს, მაგრამ მაინც საშიშია, მგზავრი არ იყოს შემოსული უსიმპტომო ფორმებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გადადება. ამ მხრივ ცოტა სიფრთხილე გვმართებს და ნაადრევია თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს," - თქვა ხმალაძემ.
აღსანიშნავია, რომ, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჩამომსვლელ უცხოელ ტურისთა მნიშვნელოვანი წილი ისეთ ქვეყნებზე მოდის, სადაც ამჟამად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა, მაგალითად, რუსეთსა და ირანზე. კითხვაზე, ამის გათვალისწინებით საზღვრების გახსნა ხომ არ ქმნის კოროანავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების რისკს, ხმალაძე პასუხობს.
„ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ამჯერად საპირწონედ ასეთი რამ გვაქვს - რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით მოკვდება ქვეყანა თუ ვირუსით? ალბათ ისინიც ასე ფიქრობენ. რეალურად თუ მოხდება მგზავრების შემოწმება მაქსიმალურად და იქნება გარკვეული პერიოდი მათზე დაკვირვება, თავიდან აგვაცილებს სერიოზულ პრობლემებს," - აღნიშნა მან.