
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას საქართველოში კორუფცია დაამარცხა, უკრიანაში კი მისი დანიშვნიდან შედეგს რამდენიმე თვეში ელის. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საბჭოს თავის გუნდთან ერთად უხელმძღვანელებს.
მიიღეს თუ არა შეთავაზება მისი გუნდის ქართველმა წევრებმა, რომ მონაწილეობა მიიღონ უკრიანაში განსახორციელებელ რეფორმებში - „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის - ხატია დეკანოიძის განცხადებით, არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ.
„უკრაინა არ არის ჩემთვის უცხო ქვეყანა და მეამაყება, რომ არაერთი პოლიტიკური რეფორმის განხორციელებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. დღეს უკრაინის წინაშე დგას ძალიან დიდი გამოწვევები რეფორმების განხორციელების კუთხით. პირადად მე შემოთავაზება არ მიმიღია და რამდენადაც ვიცი, არც ჩვენი გუნდის რომელიმე სხვა წევრებს. მე ჩართული ვარ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და ჩემი მთავარი მიზანია ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება," - განაცხადა „რეზონანსთან" ხატია დეკანოიძემ.