თამარ შუკვანი
10.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველოში კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც, მედიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეპიდემიის პიკის გადავლის მანიშნებელია. თუკი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყანაში პანდემია პრაქტიკულად დამარცხებულად გამოცხადდება. უკვე მე-9 დღეა, ყოველდღიურ სტატისტიკაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობას უსწრებს. კლების ტენდენცია 2 მაისს დაიწყო და მე-9 დღეა გრძელდება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა პრაქტიკულად გაუთანაბრდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ინფიცირებულთა რაოდენობას. 10 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, მკურნალობას კი აგრძელებს 312.

ინფექციონისტთა ნაწილი ეპიდემიის დასრულების ფაზაზე საუბრობს და თვლის, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის, სადაც კლების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. დაახლოებით ერთ თვეში სიტუაცია შეიძლება იმდენად გამოსწორდეს, რომ საბოლოოდ, საქართველო კოვიდ-19-ზე გამარჯვებულად გამოცხადდეს.

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გამოსწორება სწორი მართვის შედეგია, რაშიც ასევე დიდი წვლილი საზოგადოებასაც მიუძვის, - გაცემული რეკომენდაციების დაცვის ფონზე, მდგომარეობა უფრო მეტად გამოსწორდება.

„ეს მაჩვენებელია სწორი მართვის შედეგია, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე სამედიცინო კუთხითაც. რაოდენობრივი შემცირება - ეს გახლავთ სწორი მართვის მაჩვენებელი, რაც მოსახელობის დამსახრურებაცაა. ყველამ გაითავისა, რომ უნდა დარჩეს სახლში და პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შესრულდა.

„ახლა მთავარია, როდესაც შემცირდება გატარებული ღონისძიებები, ამ პერიოდში არ მოხდეს გავრცელება.

„ასევე მნიშნელოვანია ჩვენი მოსახლეობის თვითშეგნება და პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რაც იქნება გაცემული. თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ აღარ იქნება დრამატული ზრდა. ჯერჯერობით დასრულებულად ვერ გამოცხადდება, რადგან ერთეული მატება ჯერ კიდევ არის," - თქვა ენდელაძემ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, თუკი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, ივნისის დასაწყისისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეპიდვითარება გვექნება:

„თუ ასე გაგრძელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი გადავლილია და ნელ-ნელა ახალი შემთხვევების კლება დაიწყება, ისევე, როგორც ეს დაწყებულია სხვა ქვეყნებში - დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რომ ვიფიქროთ, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამიტომ შინაგანი შეზღუდვები ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ - ჰიგიენური ნორმები და ფიზიკური დისტანცირება უნდა დაიცვან.

„სრულფასოვნად დასრულებულის გამოცხადება რთულია, მაგრამ თუ ასეთი ტენდენცია და დინამიკა შენარჩუნდა, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისისთვის ბევრად უკეთესი მდგომაროება გვექნება. შეიძლება იყოს ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ საფრთხე იქნება ძალიან მცირე. შეიძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის ეს ტალღა დასრულებულია," - აღნიშნა გოგინავამ.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ შიდა გადაცემის ერთგვარი ჯაჭვი გაწყდა და სწორედ ამიტომ შეინიშნება დადებითი დინამიკაც.

„ეს იმის მაჩვენებელია, რომ შიდა ჯაჭვები გაწყდა უკვე. ამაზე მოქმედებს ასევე ის, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბება არ ხდება, აღარ შემოდის გარედან ვირუსი. სწორედ აქედან მომდინარეობს ის განცხადებები, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსი პრაქტიკულად დავამარცხეთ.

„საბოლოო დამარცხება მაშინ გამოცხადდება, როდესაც აღარ იქნება ინფიცირებული, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვირუსის გეომეტრიული პროგრესით გავრცელების საშიშროება," - აღნიშნა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×