
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილი აქვს საგანგებო კომისიის შექმნა, რომელიც ექიმებთან კონსულტაციით თავად შეისწავლის არის თუ არა მისაღები მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ განაცხადა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ამით ეკლესია ქვეყნის ხელისუფლებას მეტად რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ეკლესიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აცრები მხოლოდ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს მოსახლეობის იძულება. ზოგიერთი სასულიერო პირი კი, მაგალითად, დეკანოზი საბა ჭიკაიძე პირდაპირ აცხადებს, რომ „ვაქცინაციით მოხდება მოსახლეობის მოკვდინება".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეკლესიის ასეთი პოზიცია ხელისუფლებისთვის ახალ გამოწვევაა და იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო ამჯერადაც გამონახავენ საერთო ენას, როგორც ეს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული ღონისძიებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისას მოხდა.
მისივე თქმით, ეკლესიას არ აქვს ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთების უფლება:
„არსებობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების რეგულაციები და წესები. როდესაც ვინმე აკეთებს ასეთ განცხადებას, იღებს გადაწყვეტილება ან ახდენს რეაგირებას, ყველას ვურჩევდი, რომ კარგად ჩაიხედო ამ შეთანხმებაში, ყურადღებით წაიკითხონ და შემდეგ გააკეთონ საჯარო განცხადებები.
„ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ხელისუფლებამ - თავისი. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებითაც, როდესაც იყო გარკვეული ვნებათაღელვა, ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთგვარი წინააღმდეგობა ცივილური გზით გადაწყვიტეს. ახლაც შეიძლება მოინახოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც საქმეს დააზიანებს და არც ეკლესიას მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ „ხელისუფლება ჩვენ პოზიციებს არ ითვალისწინებს," - თქვა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.