რეზონანსი
10.05.2020

იმედი მაქვს, რომ უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა წლების განმავლობაში სამაგალითო პარტნიორი არიან და ორივე ქვეყანას აქვს საერთო მიზნები და სწორად აქვს გააზრებული ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. მისივე თქმით, საქართველოს ვალდებულება იყო მეგობარი ქვეყნისთვის რჩევის მიცემა ადამიანზე, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია მთელ რიგ მძიმე საქმეებში.

„როდესაც უკრაინელ მეგობრებს რჩევას ვაძლევდით და ამ პოზიციას ვაფიქსირებდით, თავისთავად ცხადია, ჩვენი ეს შეშფოთება იყო აბსოლუტურად ლოგიკური, ვინაიდან, როცა გინდა მეგობარს დაეხმარო, მას უნდა უთხრა სიმართლე და ასეც მოვიქეცით. თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ სურვილი, რომ სააკაშვილი რაღაც თანამდებობაზე დაენიშნათ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, მეგობარს პირში ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ, გამოტანილია განაჩენი, მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ამას რაიმე დამატებითი გამოძიება არ სჭირდება. ცხადია, ეს საერთაშორისო საზოგადოებამაც კარგად იცის. უკრაინაში სააკაშვილის ქცევა პოლიტიკური ავანტიურაა. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან მალე დაინახავს პრეზიდენტი, ადგილობრივ პოლიტიკოსებს ეს ძალიან კარგად ესმით, რადგან ზოგიერთი მათგანი მისი პარტნიორი იყო და მერე რეალური სახეც კარგად დაინახეს. თავის დროზე, როდესაც ის ქვეყანას მართავდა და ბევრი მხარს უჭერდა, ჩვენც აღმოვჩნდით ამ პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლი. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ დროულად და ერთიანად მოახდინა რეაგირება და 2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა. იმედი მაქვს, უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×