
პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ გააძლიერა ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება" არის მოწოდებული, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
როგორც მან აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა.
„უკანასკნელი თვეების განმავლობაში, „ქართული ოცნების" ერთიანი სახელისუფლებო გუნდის - მისი სამთავრობო, საპარლამენტო თუ პარტიული სტრუქტურების საქმიანობა და საჯარო კომუნიკაცია თითქმის მთლიანად დაკავშირებული იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხებთან და მიმართული იყო ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, აგრეთვე, პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების სწრაფად და წარმატებით გადასაწყვეტად, ქვეყნის ეკონომიკის დროულად ასამუშავებლად.
ყველა წარმატება, რასაც ამ რთულ პერიოდში მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ და რასაც ერთხმად აღიარებს მთელი მსოფლიო, თანაბრად განაპირობა ჩვენი გუნდის ერთიანობამ, მისი ცალკეული სტრუქტურების, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალიზმმა და ჩვენი ხალხის ნდობამ, ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მობილიზაციამ და საგანგებო წესების დაცვისას გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ", - განაცხადა თალაკვაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას გამოარჩევს ის, რომ იყო და რჩება დემოკრატიული პრინციპების ერთგული, რომ საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი აგრძელებს მუშაობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„დღეს გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა, ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ქართული ოცნება" არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - განაცხადა თალაკვაძემ.