„მუდმივად მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, როგორც ეს მოხდა წითელას და ღორის გრიპის შემთხვევაში”
თამარ შუკვანი
11.05.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბევრი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ხვალ და როგორ გაგრძელდება ცხოვრება მსოფლიო საზოგადოებისთვის, რაზეც სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჩვენ კოვიდ-19-თან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრება. შესაბამისად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველა ობიექტი და თითოეული დაწესებულება ჰიგიენური წესების დაცვით უნდა ამუშავდეს.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ეტაპობრივად იხსენება ესა თუ ის ობიექტი, საცალო და საბითუმო მაღაზიები, ქალაქები და ცხოვრება პრაქტიკულად ჩვეულ რიტმს უბრუნდება, ოღონდ უფრო მეტი სიფრთხილითა და ჰიგიენური ნორმების დაცვითა და კონტროლით.

პირბადის ტარება კი, როგორც ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, აუცილებლი იქნება გარკვეული პერიოდი, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება თავიდან იქნას არიდებული.

„მსოფლიო მიხვდა იმას, რომ შეკავების პერიოდი დამთავრდა. უკვე ხსნიან, რადგან წარმოუდგენელია ამდენი ხანი „დარჩე სახლში," - ეს ლოზუნგი უნდა შეიცვალოს „გადი უსაფრთხო გარემოში," რისი უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ევალება. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ამოცანა. ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ საზოგადოებრივ აქტივობას, საკუთარ ბიზნესმოღვაწეობას, უნდა ამუშავდეს საწარმოები. ეს ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს, რომ უსაფრთხო გარემო შეიქმნას.

„სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა „მხარდამჭერი კონტროლი," რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა მიხვიდე, დაეხმარო, შეასწორო და არა 3 000 და 15 000-ით დააჯარიმო. ეს არ შველის და უნდა მოიხსნას აბსოლუტურად არაფრის გამკეთებელი ფაქტორები, როგორიც არის „საკომენდანტო საათი," სამი კაცი მანქანაში და ა.შ. ახლა უნდა დაიწყოს ნორმალური ცხოვრება.

„მუდმივად მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, როგორც ეს მოხდა წითელას და ღორის გრიპის შემთხვევაში. ესეც ჩვენი ცხოვრების თანმდევი ფაქტორი გახდება, სულ სახლში ხომ არ ვიჯდებით? - საბოლოოდ შეიძლება უფრო ცუდი შედეგები მივიღოთ, - სოციალური უკმაყოფილება და სოციალური რევოლუცია. მთავარია, რომ კარგად კონტროლდებოდეს ასევე სამედიცინო დაწესებულებები, - ექიმების, ექთნების და სანიტრების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.

„ჩვენს რეალობაში, მასობრივი შეკრების ადგილებში, პირბადეების ტარება ჯერჯერობით საჭირო იქნება რაღაც პერიოდის განმავლობაში. შემდეგ უკვე ესეც მოიხსნება.

"რაც მთავარია, ტრანსპორტი უნდა გაიხსნას, სადაც გაკონტროლდება რამდენი ადამიანი შევა, ექნება თუ არა პირბადე და ა.შ. უსაფრთხოების რეგულაციები უნდა შემოვიდეს. ცხოვრება უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს და რაც შეიძლება სწრაფად," - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×