
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლიეტუვამ ლატვიამ და ესტონეთმა ერთგვარი უსაფრთხო ტურისტული ზონა შექმნეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთთან ტურისტული მოგზაურობა თავისუფლად შეეძლებათ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მოგზაურებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ეს ქვეყნები ერთმანეთთან საზღვრებს 15 მაისიდან გახსნიან და ევროკავშირის შიგნით ერთგვარ „სამოგზაურო ბუშტს" შექმნიან.
ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსს წარმატებით უმკლავდებიან, შესაძლოა ამ ე.წ. სამოგზაურო ბუშტის" ზონაში შევიდნენ, ამჯერად კი საუბარია პოლონეთსა და ფინეთზე.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი ფორმატი საქრთველოსთვისაც შესაძლებელია, თუმცა, რეგიონის ქვეყნების პანდემიური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.
„შესაძლოა ჩვენთვისაც მსგავსი ფორმატი რეალური იყოს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ გეოგრაფიით ვართ რაღაცნაირად შემოსაზღვრული და თუ გადავხედავთ სამხრეთ კავკასიას, ამის გაკეთება ალბათ ამ ეტაპზე ძალიან რთულია.
"ჯერ აზერბაიჯანსა და სომხეთში ცნობილი არაა, თუ ეპიდემიის სიტუაცია როგორ დამთავრდება, სიტუაცია რომ დაცხრეს კიდეც, აზერბაიჯანთან და სომხეთთან პოტენციურად ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამ ორი ქვეყნიდან ტურიზმით არცერთი დიდად არ დაიკვეხნის.
„ჩვენთვის ყველზე უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომელიც ამავე დროს ამ სფეროში კონკურენტია, ესაა თურქეთი, ვთქვათ ამ ქვეყანასთან მსგავსი შეწყვილება მოხდეს, მაგრამ აქ პანდემია საკმაოდ მძიმედ ვითარდება.
"ასე რომც არ იყოს, თურქეთთან მიბმა შესაძლოა ერთის მხრივ წამგებიანიც აღმოჩნდეს - მიბმა ასევე იმაზეა დამოკიდებული თუ თურქეთს ტურისტული იმიჯი როგორი ექნება, ეს იქნება ტურისტებისთვის უსაფრთხო, თუ პირიქით.
„ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ჩვენი მიბმა, როგორც კორონავირუსთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, შეიძლება, მაგრამ, უბრალოდ ძალიან შორია, რეგიონალური თვალსაზრისით კი ასეთი ზონის შექმნა შეიძლება, თუ ჩვენს მეგობარ მეზობელ ქვეყნებში პანდემიასთან დაკავშირებით უკეთესობისკენ შეიცვალა.
„თუ ჩვენს რეგიონში შევქმნით უსაფრთხო ტურისტულ ზონას, ამ ზონის ქვეყნებიდან შემომსვლელი ტურისტებისგან, ჩვენ დაზღვეული ვერ ვიქნებით და არ ვიცით თუ როგორ შემოვლენ და რეისებზე რა უსაფრთხოების კომპონენტები იქნება გატარებული" - განაცხადა მან.
მისივე აზრით, მსგავსი ტიპის მინი ტურისტული ზონები, კარგ სურათს არ მოგვცემს თუ მსოფლიომ გლობალურ დონეზე ერთობლივი კონცეფცია არ შეიმუშავა.
„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და უამრავი სხვა ორგანიზაციები, პოსტ პანდემიის პერიოდის ტურიზმის კონცეფციაზე მუშაობენ, გეგმას ადგენენ, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს.
"ჯერ ისეთი დონის კონცეფცია არ შექმნილა, ეს მხოლოდ ტურიზმის საკითხთან ხომ არ არის დაკავშირებული, ესაა ფრენებისა და საზღვრის უსაფრთხოებაზეც, ერთმანეთთან გადაჯაჭვული უამრავი რამაა, რასაც გარკვეულწილად დრო.სჭირდება.
"სურათი მხოლოდ იმის შემდეგ შეიკვრება, როცა ტურიზმის ყველა მესვეური ერთგვარად ჩამოყალიბდებიან და გამოსავალს შესთავაზებენ მსოფლიოს.
„მარტო ასეთ ვიწრო წრეში რომ გამოსავალი ვეძებოთ, ასე არაა, მთლიანობაში ტურიზმს გლობალური მიდგომა უნდა, საერთო სურათს ალბათ მაშინ მივიღებთ, როდესაც მსოფლიო ქვეყნები მეტ-ნაკლებად პანდემიას გაუმკლავდებიან და თუ ამ პერიოდში ვაქცინაც მოგვესწრო, ამ ყველაფერს უფრო დააჩქარებს და რაც ამჯერად პრობლემური საკითხია, ამ ყველაფერს მოხსნის" - განაცხადა მან.