თამარ შუკვანი
11.05.2020

საქართველოში ცალკეული ტურისტული ადგილები კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადდება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ტურისტული სექტორის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, - ქვეყანა პირველი ივლისიდან ტურისტებს მიიღებს უცხოეთიდან, საქართველო ვირუსის გავრცელების კუთხით ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად იქცევა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს, როგორიცაა - საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა, შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი აჭარა უნდა გახდეს. ძირითადად იმიტომ, რომ ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის მთაც არის, ღვინოც არის, კიდევ ბევრი რაღაც არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს ისევე, როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება. ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები, გამოვაცხადოთ კოვოდისგან უსაფრთხო ზონებად.

„ეს შესაძლებელია, როდესაც პატარა მობილურ ზონებზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს: საირმე, წყალტუბო, გუდაური, ბაკურიანი. აჭარა ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა, აჭარის გარკვეული ნაწილები შესაძლებელია.

"აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროებს, იქ სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ, როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ იმისთვის, რომ კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები," - აღნიშნა გახარიამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც საქართველოს ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნის სახელს შესძენს.

„რამდენად უსაფრთხო ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ამას დრო გვიჩვენებს. როგორც ვიცით, ჩინეთში გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ვირუსის შებრუნება და გარკვეული რეციდივებიც გამოიწვია.

"ვფიქრობ, პირველ ივლისამდე ყველაფერი იქნება მოგვარებული, რადგან საქართველო მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას და ის ტენდენცია, რასაც ვაკვირდებით, გარკვეულწილად შენარჩუნებულია, - ახალ კლასტერებს ადგილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სიტუაცია უკეთესია.

„გამოდის, რომ მთავარი ტურისტული ადგილები გაიხსენება. მგონია, რომ პირველ ივლისამდე უფრო მეტი ოპტიმისტური სცენარია მოსალოდნელი. გათვლილი იყო, რომ მოეხდინათ ეკონომიკური განვითარების სტიმულირება.

„იმის გათვალისწინებით, რომ გვქონდა დადებითი შედეგი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, სტიმულირების მიზნით გამოცხადდა, რომ საქართველო გახსნიდა თავის ტურისტულ ინფრასტურქტურას, ამით კი ჩვენი ეკონომიკის სტიმულირებას და განვითარებას მოახდენდა.

„ჩვენი შემოსავლების დიდი ნაწილი ტურიზმზე მოდის და ეს სწორედ ამაზეა გათვლილი. ტურიზმი ეკონომიკური სეგმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია და სრულიად ლოგიკური ნაბიჯია," - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×