
„ოკუპირებულ ცხინვალში არსებული შეზღუდვების შერბილება ჯერ არა მგონია რომ განიხილებოდეს, იყო შეზღუდვები და როდესაც ინფექციის არცერთი დაფიქსირებული შემთხვევა არ იყო, მოდუნდნენ და რომ შეარბილეს - ზუსტად ამან გამოიწვია აფეთქება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციას.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა.
„რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია", - განაცხადა გაგლოევამ. მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში" 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.ინფიცირებულთა შორის კი 15 კურსანტია.
ზაქარეიშვილის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით რთული ვითარებაა, რადგან თავდაცვის საშუალებები და სამკურნალო მედიკამენტები საკმარისი რაოდენობით არ აქვთ.
„მგონია, რომ რეალური სურათი დაახლოებით იგივეა, რასაც აცხადებენ, მაგრამ ის, რომ შეიძლება ინფექციის უფრო მეტი შემთხვევა იყოს, ეს ყველგან ასეა. შესაძლოა ჩვენთანაც უფრო მეტი დაინფიცირებული იყოს, ვიდრე სინამდვილეშია.
"არიან ადამიანები, ვისაც ვირუსი უსიმპტომოდ აქვს, რომლებიც სხვაზეც ავრცელებენ , არ მგონია, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეალურ ციფრებს მალავდნენ.
„რაღაც პერიოდი არ იყო და მერე ვირუსის აფეთქება რომ მოხდა, ეს აფეთქება არ დამალეს, გამოავლინეს, ანუ მაშინ თუ დამალავდნენ, გადაანაწილებდნენ და თითოთითოდ გამოაქვეყნებდნენ და ე.წ. პლატოს ეფექტს შექმნიდნენ, როდესაც იყო მაგალითად 13 კაცი, 13 თქვეს.
„როგორც თვითონ ექიმები ამბობენ, ადგილზე ძალიან რთული ვითარებაა, არ აქვთ დაცვის საკმარისი საშულებები, წამლები ცოტა აქვთ, ისინი რუსული პროტოკოლით და რუსული წამლებით მუშაობენ.
„არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები, რომლებიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათთან სამხედრო სამედიცინო დაწესებულებებია და ისინი მზად არიან, რომ თუ ტერიტორიაზე ვირუსი მეტად გავრცელდა, საველე ჰოსპიტალი გაშალონ და ინფიცირებულებს უმკურნალონ.
„ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჯერჯერობით პროდუქტები აქვთ, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ მარაგის გარკვეულწილად შემცირება მოხდეს და ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სამწუხარო ფაქტი ჩრდილოეთ ოსეთიდან აქვთ, სადაც ხალხი უკმაყოფილების გამო ქუჩაში გამოვიდა, რამაც ვირუსის აფეთქება და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შემოტანა გამოიწვია, ამიტომაც მათ კარგად ესმით, რომ ქუჩის აქციებით შესაძლოა მდგომარეობა უფრო გაართულონ" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მოსახლეობაში პროტესტი და უკმაყოფილება .წ. ხელისუფლების მისამართით არის, მაგრამ მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ საპროტესტო გამოსვლებით რეალურად უფრო რთულ პანდემიურ სურათს მიიღებენ.
„გამოსვლისთვის მზად არ არიან, თორემ მოსახლეობაში პროტესტის შეგრძნება ნამდვილად არის, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა, მოდუნებულები იყვნენ, იყო ილუზია თითქოს სამხრეთ ოსეთს პანდემია არ შეეხებოდა, მათთან პარადიც იყო, თავშეყრებიც იყო, რაღაც დღესასწაულები იყო და ამის გამო მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს ყოვლად მიუღებელი იყო და მათი ე.წ. ხელისუფლება რეალურად სიტუაციას ვერ ფლობდა.
„ოკუპირებულ ცხინვალში არსებული შეზღუდვების შერბილება ჯერ არა მგონია რომ განიხილებოდეს, იყო შეზღუდვები და როდესაც ინფექციის არცერთი დაფიქსირებული შემთხვევა არ იყო, მოდუნდნენ და რომ შეარბილეს, თუ არ ვცდები ზუსტად ამან გამოიწვია აფეთქება, მიტომ ეჭვი მეპარება, რომ ახლა შეზღუდვების შერბილებაზე წავიდნენ, პირიქით ახლა ძალიან შეშინებულები არიან" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.