ელზა პაპოშვილი
11.05.2020

გახდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი?! - ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება“ დაპირებულ შეთანხმებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. მმართველი გუნდის განცხადებით კი შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.           

პრემირ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას ეხება, მისთვის წარმოუდგენელია. მისი თქმით, მსგავსი მოთხოვნების დაყენება ქვეყნის ინსტიტუტების შეურაცხყოფაა და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს.  

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ გადაწყვეტილება, კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც არის დასრულებული, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაცა ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი.

“ან შეიძლება ვიღაცა ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შეუძლებელი. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღებული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უდიდესი მიღწევაა და მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად მისთვის მიუღებელია. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრები საქართველოს არ ჰყავს და ვინც ციხეში ზის, ყველა შესაბამისი დანაშაულის გამოა დაკავებული.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი არ უგულებელყოფს საკონსტიტუციო ცვლილებებს და თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაიშლება, ეს მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე იქნება.

"არანაირი პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობს. ჩვენ გვყავს საქართველოში ისეთი პატიმრები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, იქ არ ყოფილა საუბარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. 

“უკანონობის ჩადენას ადგილი არ ჰქონია ელჩების წინაშე და ამის სურვილიც არავის ჰქონია. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს,"ქართული ოცნება" სრულ მზადყოფნაშია, რომ ცვლილებები განხორციელდეს. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით კი  "ქართული ოცნება" პანდემიას და კრიზისს თავის ინტერესებისთვის იყენებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა - აცხადებს "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი.

"ისინი იყენებენ კრიზისს იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და საერთშორისო თანამეგობრობა ხელმეორედ გადააგდონ. ცდილობენ არ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, ჩააგდონ კონსტიტუციური არჩევნები, სწორედ ამ ვირეშმაკობას აქვს ადგილი. უნდა განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილებები, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მათი სურვილია, არ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და ცვლილებები ჩააგდონ,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.   

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ნდობა არ შეიძლება. მისივე თქმით, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა, თუმცა არ გამოუვა.

"ქართული ოცნების" სიტყვაზე ნდობა და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება ეს კი ვიცოდით, მაგრამ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა, რომ აუცილებლად გვარები უნდა დაიწეროს, იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, მათი იქ ყოფნა იყო ამ შეთანხმების გარანტი. არც კი იოცნებოს "ქართულმა ოცნებამ," რომ ეს საკონსტიტუციო შეთანხმება ჩავარდება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ ყველანაირი ნდობა, რაც კი შემორჩენილია, გაქრება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ როდესაც დილით პოლიტიკოსი პირობას გაძლევს და სააღამოს გადაგაგდებს, ეს პოლიტიკა არ არის. ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია და მთავრობა აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ, სხვაგვარად პოლიტიკა ყველანაირ აზრს კარგავს. 

„ჩემი ხედვა არის ძალიან მარტივი,  პოლიტიკაში სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.  თუ პოლიტიკაში სიტყვა აზრს კარგავს, მაშინ პოლიტიკაც უაზრო ხდება. თუ რამე შეთანხმება იყო, ის აუცილებლად უნდა შეთანხმდეს. 

“მე არ ვიცი რაზე ისაუბრეს, მაგრამ, თუ პარტიას შეუძლია დილას შეგპირდეს და საღამოს გადაგაგდოს, იქ პოლიტიკაზე საუბარი აღარ არის. ამიტომაც ჯობია ის შეთანხმება შესრულოს ხელისუფლებამ, რასაც დაპირდათ. წაინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირ შეთანხმებას ქართულ პოლიტიკაში აზრი ეკარგება“. - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ  კორონავირუსიის პანდემიის დროს დაგროვილი კაპიტალი არ დაკარგოს და ის დაპირებებ თუ შეთანხმება,  რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, აუცილებლად შესრულდეს. 

მისივე თქმით, თავად ოპოზიციაც ფრთხილად უნდა იყოს, რადგანაც ძველი თემები პანდემიამ თითქმის გააფერმკთალა, ამიტომაც აქცენტები იმაზე უნდა გაკეთდეს, რაც ახლა ხალხს ყველაზე მეტად ანიტერესებს. 

„პოსტკორონას შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ოპოზიცია თუ კი ისევ ძველ ამბებს გაუხსენებს ხელისუფლებას, ეს არასწორი იქნება, რადგანაც, რბილად რომ ვთქვათ, კორონამ გააფერმკთალა. ამიტომაც,  ახლა მნიშვნელოვანი იქნება, რომ იმ გამოწვევებზე ისაუბროს ყველამ, რაც საზოგადოებას ამ პანდემიის  შემდეგ ექნება. ხელისუფლება სწორად მიხვდა, რომ ორკვირიანი დისტანციის დაშორება ქვეყნის სრულად გახსნისთვის სწორი გადაწყვეტილება არ იყო და უფრო დააჩქარა. 

“თუმცა, ასევე, მნიშვვნელოვანი იქნება იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც 8 მარტს შედგა. თუმცა, პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმება რა იყო და რა არა, ურთიერთგამომრიცხვაი განცხადებები კეთდება. ამიტომაც, „ოცნება“ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ წინასაარჩევნოდ ის კაპიტალი არ დაკარგოს, არც ამ კორონავირუსის პერიოდში ცოტა დააგროვა“,-აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×