,,ახალ საფინანსო სისტემაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მოხდება 2030 წლისათვის, მანამდე კი მსოფლიო პოლიტიკური რუკაც შეიცვლება"
ირაკლი ლომიძე
11.05.2020

კორონავირუსმა არსებული ეკონომიკური მოდელები მთლიანად გადააწყო. ის, არც აქამდე მსოფლიო ეკონომიკის მამებს პრიორიტეტებად მიაჩნდათ და ამაში ლამის მთელი პლანეტის დარწმუნება შეძლეს, თანდათან მიმზიდველობას კარგავს. გლობალურ ეკონომიკასთან ერთად შეიცვალა სარეიტინგო კომპანიების მიერ შემოთავაზებული რეიტინგები. მათი შეფასებები  მიმდინარე პროცესებს ჩამორჩა და ნდონაც დაკარგა.  ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ მთელი დოვლათი ერთბაშად უფასურდება, ნავთობის ფასი განულებისკენაა, ფასიანი  ქაღალდების ღირებულება დღით დღე ეცემა. 

არის თუ არა ეს ეკონომიკური მაქინაციები, რა კომბინაციები ჩატარდა, ვინ იგებს შექმნილი სიტუაციით და როგორ გადალაგდა ეკონომიკა პანდემიის პერიოდში, ამის  ახსნას ,,ბიზნეს-რეზონანსი“ სპეციალისტებთან ერთად შეეცადა.

ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ გაუფასურებულ აქტივებთან დაკავშირებით ცდუნება დიდია და შედარებით ინტეგრირებული კაპიტალის მფლობელები მათ იაფად შესყიდვას შეცდებიან. ასეთი ტენდენცია უკვე შესამჩნევიც გახდა.

,,გლობალურ ეკონომიკაში დიდი ძვრებია.  თუკი რამდენიმე სექტორი ჩაიძირა, სამაგიეროდ, დიდ მოგებაზე გავიდნენ ფარმაცევტული კომპანიები, ონლაინ ტექნოლოგიები, რადგან მათ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ეპიდემიური ვითარება სწორედ მათთვის აღმოჩნდა მომგებიანი, მაგრამ ამასთან ერთად ხდება რესურსების გადანაწილება. ეს ნიშნავს, რომ ამ პანდემიის პირობებში ბევრი აქტივი გაუფასურდა. ადამიანებს, მათ შორის კომპანიებს დასჭირდათ თავიანთი კაპიტალის გაყიდვა, რათა დაებალანსებინათ დანაკარგები. აქედან გამომდინარე, აქტივების მიწოდება გაიზარდა, ხოლო ფასები დაეცა. 

იქ, სადაც ინტეგრირებულია კაპიტალი, ანუ  პლანეტის მოსახლეობის 20%-ს, რომელიც ძირითადად ფლობს აქტივების 80%-ს, თავისთავად გაუჩნდათ ცდუნება და შესაძლებლობა, შეიძინონ ქონება იაფად, ეს ტენდენცია უკვე შესამჩნევია. რაც შეეხება ბანკებს, კრიზისის ფონზე  შედარებით საშუალო და წვრილი დეპოზიტები იკლებს, რადგან ხალხს ფული გამოაქვს ზარალის დასაფარად, მაგრამ მატულობს მსხვილი დეპოზიტები", - განაცხადა ხომიზურაშვილმა.

 მისი თქმით, კორონავირუსის პერიოდში რადიკალურად შეიცვალა ეკონომიკური მოდელები და რეიტინგები მთლიანად გადაეწყო, რამაც შეიძლება ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

,,ჩვენ კარგა ხანია დავრწმუნდით, რომ სარეიტინგო კომპანიები, რომლებიც აკეთებენ პროგნოზებს, ანიჭებენ საინვესტიციო და საკრედიტო რეიტინგებს,  არაეფექტურები გახდნენ.  ისინი აფასებენ ყოველთვის მოძველებული სტანდარტებით, ანუ ბიზნესის და სოციუმის განვითარება  ეკონომიკური განვითარების პროგრესს ვერ ეწევა. იმის გამო, რომ  მათი სტანდარტი სწრაფად ძველდება,  შეფასებები თითქმის მცდარია და შეიძლება მავნებელიც იყოს. 

ამ შემთხვევაში ჩვენთან ცუდადაა საქმე, რადგან მთავრობას ვერ წარმოუდგენია, როგორი იყოს ეკონომიკური მოდელი, აბსოლუტურად არაჯანსაღი და შეიძლება მცდარი შეხედულება აქვთ ეკონომიკის მომავალ მოდელზე, როცა აკეთებენ აქცენტს ისევ ტურიზმზე, რომლის აგონია და კომა გაგრძელდება მინიმუმ  5 წელია და ამაზე ახლა აქცენტის გაკეთება სწორი არ არის“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა მაქინაციები ბაზარზე და რა თამაშის წესები შეიცვალა გლობალურ ეკონომიკაში, ამის წინასწარ თქმა, ეკონომიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია, რადგან საქმე გლობალური ეკონომიკის კრიზისს ეხება, რომელშიც ძალიან ცოტაა მოგებული.

ერთ-ერთი ვერსიით, კორონავირუსის გამო ეკონომიკაში მოსალოდნელი ცვლილება, გარკვეულწილად, ნაღდი ფულის მასის შემცირებას უკავშირდება. ანალიტიკოსი ნიკა შენგელია არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ იგი ციფრული ფულით ჩანაცვლდეს, რაც პერსპექტივაში მთელ მოსახლეობაზე კონტროლის შესაძლებლობას გაამარტივებს.

,,მსოფლიო ფულის მეპატრონე ელიტას  სურვილი აქვს, რომ  საერთოდ ბრუნვიდან ამოიღოს ნაღდი ფული და ყველაფერი ფულთან დაკავშირებით გადაიყვანოს ციფრულ ფორმატზე. ამ მიზნის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი. ციფრული ფულის არსებობით უნდა დაწესდეს ტოტალური კონტროლი მთელ მოსახლეობაზე, რითაც  ნებისმიერი ადამიანის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი - სად იმყოფება,  რითი სულდგმულობს და სხვა.  აღნიშნულის მისაღწევად  საკმარისი იყო ისეთი მიზეზების დასახელება, რაც ფულს,  როგორც საშიში ინფექციის გადამტანს უკავშირდება. კორონავირუსი ამას ჯერჯერობით საკმაოდ  წარმატებით ახორციელებს. პარალელურად უკვე საკმაოდ გავლენიანი საშუალებებიც წერენ,  რომ იგეგმება მთელი მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია.  

დღეის  მოცემულობით კი, რასაც ვხედავთ,  ჩაიკეტა ქვეყნების ეკონომიკა და ავტონომიურ რეჟიმში მოექცნენ, მყარდება ცხოვრების  ახალი წესები, ინერგება მომსახურების ახალი საშუალებები და სისტემები, ფაქტიურად ეკონომიკის ყველა სექტორი გარდა საბანკო-საფინანსო სექტორისა, დასაცემად არის  განწირული. ახალ ეტაპზე გადადის სამედიცინო ბიზნეს კორპორაციები, ცხადდება სხვადასხვა პროექტებსა და ვირუსთან ბრძოლაზე ახალ-ახალი ინფორმაციები და სამედიცინო ბიზნესი თანამედროვე ტექნილოგიებით გაცილებით მიმზიდველი ხდება“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ. 

მისი შეფასებით, დღევანდელი მსოფლიო საფინანსო სისტება, ე. წ. ბრეტონ-ვუდსის სახელწოდებით,  დაშლის პირასაა მისული და მალე ვიხილავთ ახალ  საფინანსო  სისტემას თავისი წესებითა და კანონებით. 

,,ახალ საფინანსო სისტემაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მოხდება 2030 წლისათვის, მანამდე კი მსოფლიო პოლიტიკური რუკაც საგრძნობლად შეიცვლება, თუნდაც ვგულისხმობ იმას რომ ევროკავშირის დაშლის საკითხი უკვე სერიოზულად დგას დღის წესრიგში და ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილი სსრკ კავშირიც, სხვა  სახელით, მაგრამ იგივე შინაარსით, 2026 წლამდე აღდგება.

რაც შეეხება ისევ დაეცემა თუ არა საფონდო ბაზრები, ჩვენ ველოდებით თუ რა მონაცემები გამოქვეყნდება მე-2 კვარტალის ნომერ პირველი  ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, აშშ-ში, ხოლო ეკონომიკური ვარდნა და კრიზისის მეორე ტალღის წამოსვლა შემოდგომაზე ფაქტიურად გარანტირებული იქნება“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×