საშუალო ფენა ისედაც ძალიან მცირე იყო და შეიძლება სულ გაქრეს
ნინა გარდაფხაძე
11.05.2020

ბოლო 2 წლის განმავლობაში, მცირედით, თუმცა მაინც იკლებდა ქვეყნაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი. ასეთი იყო ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც წელს უარყოფითი კუთხით შეცვლება. ისინი ფიქრობენ, რომ ტურიზმში დასაქმებულთა ნაწილი საშუალოდან ღარიბ ფენაში გადაინაცვლებს და გაღარიბებაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ სეგმენტს არ შეეხება. 

ეკონომიკისათვის ჯერ კიდევ რეცესიის პერიოდია და მსოფლიო კრიზისის მოლოდინშია, თუმცა უკვე არაერთი ადამიანია საქართველოში, საარსებო წყაროს გარეშე, სახელმწიფოს სოციალური პაკეტების მომლოდინე. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს 22%. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში - 18%.

სიღარიბის დონის გასარკვევად ასევე იყენებენ ფარდობით მაჩვენებლებს. მათი მეშვეობით ირკვევა, ქვეყანაში საშუალო შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს 40 ან 60 პროცენტით ნაკლები შემოსავალი. 2018 წელს, საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 20.5%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს - 7.6%. 2017 წელს ეს მაჩვენებლები 22.3% და 8.5% იყო.

ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ მოსახლეობის საშუალოდან ღარიბ ფენაში გადანაცვლების პროცესი შეუქცევადი იქნება. ეს განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს შეეხება, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულინ. 

,,წინასწარ ამის პროგნოზირება როგორი იქნება პანდემიის შედეგი მოსახლეობის გაღარიბებაზე, რთული გასაკეთებელია, თუმცა ფაქტია, რომ უდიდესი უარყოფითი გავლენა იქნება. საშუალო ფენიდან ღარიბებში მოსახლეობის გადასვლა რომ ინტენსიურად მიმდინარეობს, ამას ყველანი თვალნათლივ ვხედავთ. ეპიდემიის შედეგი, პირველ რიგში, მოსახლეობის სოციალურ დონეზე აისახება. პრობლემაგაჩენილი ბიზნესი, ვერ ინახავს სამუშაო ძალას და ეს მდგომაროებას ართულებს.

პოტენციურად ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს, ქვეყნის ის 11%-იც, რომელიც ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. სწორედ ამ სექტორს მიადგა ყველაზე დიდი დარტყმა. ეს ფაქტორები იძლევა იმის საშუალებას, დავინახოთ როგორ იზრდება სიღატაკე ქვეყანაში. 

პირველ რიგში, ბუფერი ახლა შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, რომელიც ფიზიკური შიმშილისაგან მაინც დაიცავს ადამიანებს. ის, რომ ანტიკრიზისული სქემა წარმოდგენილია ტურიზმისათვის და საზღვრები გაიხსნება, არ ნიშნავს, რომ წელს ტურისტები გვეყოლება,რადგან პანდემია მსოფლიოს პრობლემაა და ჯანდაცვის კუთხით რომც მოგვარდეს, მაინც პრობლემად დარჩება ეკონომიკა, რომლის კრიზისიც ჯერ კიდევ წინაა. ახლა მხოლოდ რეცესიაა“, - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს“ აროშიძემ. 

გარდა უმუშევრად დარჩენილებისა, არის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლამდეც ვერც ერთი სოციალური პაკეტი ვერ მიაღწევს, რადგან ხელისუფლების მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში, საერთოდ არ არიან გათვალისწინებულნი. 

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, პრობლემა ექნებათ მათაც, ვინც საბანკო სესხი გადაავადა, რადგან მათ, რადგან მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ განკარგვადი შემოსავლის წილი. 

,,იმის ზუსტი ანალიზი, რამდენად ბევრი ადამიანი გადაინაცვლებს სიღარიბის ზღვარს მიღმა ან სიღარიბეში, დამოკიდებული იქნება კრიზისის და შემოსავლის გარეშე დარჩენის ხანგრძლივობაზე. ეს, უმთავრესად, გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს დანაზოგი და კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტები. 

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფლობს მიმდინარე შემოსავლის გარდა, სხვა რაიმე დანაზოგს, რომელიც ასეთ დროს, ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში იქნებოდა. შესაბამისად, მათი კეთილდღეობა და საარსებო წყაროც დამოკიდებულია სოციალურ პაკეტზე, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს და თავის მხრივ საკმაოდ მწირია. 

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ ივნისიდან ხალხს, ბანკების სესხის გადახდა მოუწევს, რაც აქამდე შეჩერებული იყო. ეს თავისთავად აბსოლუტურად პოზიტიური ინიციატივაც შეუმცირებს მოსახლეობას განკარგვად შემოსავლებს“, - განუცხადა სტატისტიკოსმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ღარიბი ევროპული ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, საქართველო, ალბანეთი, ბოსნია, მაკედონია, სერბეთი, აზერბაიჯანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×