თამარ შუკვანი
12.05.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა ეხებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც კონკრეტული გვარების გათავისუფლების შესახებ იყო საუბარი, რასაც უმრავლესობაში არადამაჯერებელს უწოდებენ.

თამარ ჩუგოშვილი თქმით, თავად იყო მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების. მისი თქმით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ელჩების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად უკვე მოხდა მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და სხვების საქმეების უვადოდ გადადება და გათავისუფლდა ბესიკ თამლიანი.

დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე წერს, რომ შეთანხმების ბოლო წინადადებაში მოხსენიებულია პრეზიდენტი და ეს ჩანაწერი გულისხმობდა გიგი უგულავას შეწყალებას. ასევე, საერთო მოლოდინი იყო ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებებით.

როგორც ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, თამარ ჩუგოშვილის განცხადება არადამაჯერებელია. მისი თქმით, რაც შეთანხმების ტექსტში წერია, მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი და არა ის, ვინ რას გულისხმობდა. ქანთარიასთვის ჩუგოშვილისგან მსგავსი განცხადება გასაკვირია:

„ფაქტია, რომ მმართველი პარტია ვერ აიღებდა თანხმობას იმაზე, რაც სასამართლოს გადასაწყვეტია. ისინი (ოპოზიცია) საუბრობდნენ კონკრეტულ გვარებზე გამოშვებას, მაგრამ პასუხს იღებდნენ, რომ „ეს ჩვენი საქმე არ არის". წარმოუდგენელია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ესწრებოდნენ შეხვედრებს, ეთქვათ, რომ „ჩვენი დაჭერილია და ჩვენ თვითონ გამოვუშვებთ" - ეს არის მცდარი ვერსიები.

„კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. მეორე ნაწილში ჩაიწერა სწორედ, რომ არ უნდა მოხდეს სასამართლოს პოლიტიზირება.

„ჩუგოშვილი, როგორც მივხვდი, ამბობს, რომ ამას გულისხმობდნენო... ეს ასე არ ხდება. ხელი რაზეც არის მოწერილი და ტექსტში რაც წერია, ის არის მნიშვნელოვანი. ვინ რას გულისხმობდა და გულში რას ფიქრობდა - ეს სხვა თემაა და ჩუგოშვილისგან ცოტა მიკვირს კიდეც, იმიტომ რომ, გონიერი ქალბატონია," - აღნიშნა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×