თამარ შუკვანი
12.05.2020

კოვიდ-19-ის პანდემიის კუთხით, კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი სიტუაცია საქართველოშია, რაც, სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ქვეყანაში გატარებული პრევენციული ზომებისა და მედიკოსების რჩევების და რეკომენდაციების დაცვით შედეგად მოხდა. ამასთან, მეტ-ნაკლებად საქართველო პანდემიას მომზადებული დახვდა და შემოღებული აკრძალვები და შეზღუდვები დროული აღმოჩნდა.

სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კორონავირუსის 639 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, მათ შორის გარდაიცვალა 11 პირი. გარდა ამისა, აფხაზეთში ინფიცირების 10 შემთხვევაა გამოვლენი, საიდანაც 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა, ცხინვალის რეგიონში კი ინფიცირების 23 შემთხვევაა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების 139 771 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 780 შეადგენს. საერთო ჯამში ვირუსს 3 841 პირი ემსხვერპლა.

სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსი სულ 3 538 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 47 ადამიანი გარდაიცვალა. განკურნებულთა რაოდენობა 1 430 პირს შეადგენს.

აზერბაიჯანში დაავადების 2 589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათი დიდი ნაწილი - 1 680 ადამიანი - უკვე გაწერილია საავადმყოფოებიდან. გარდაიცვალა 32 პაციენტი.

რაც შეეხება რუსეთს, აქ ვითარება საკმაოდ რთულია. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზე, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსისგან გასიკვდილიანობის მაჩვენებელი არც ისე მაღალია. ამასთან დაკავშირებით პერიოდულად თავად რუსულ პრესაში ჟონავს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, როგორც ინფიცირებულთა, ასევე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც რეალურად იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ.

უშუალოდ საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებს შორის ყველაზე მძჳმე ვითარება დაღესტანშია. ჩრდილო კავკასიის სტატისტიკა კი ასეთია:

კრასნოდარის მხარეში 2 126 ინფიცირების შემთხვევა და 22 გარდაცვლილი პირია;

ყაბარდო-ბალყარეთი - 1 325 ინფიცირებული და 4 გარდაცლილი;

ყარაჩაი-ჩერქეზეთი - 539 ინფიცირებული და 3 გარდაცვლილი;

ადიღეა - 257 ინფიცირებული და 7 გარდაცლილი;

ჩრდილო ოსეთი - 1647 ინფიცირებული და 10 გარდაცლილი;

ინგუშეთი - 1245 ინფიცირებული და 29 გარდაცვლილი;

ჩეჩნეთი - 787 ინფიცირებული და 9 გარდაცვლილი;

დაღესტანი - 2772 ინფიცირებული და 20 გარდაცვლილი.

სულ ჩრდილოეთ კავკასიაში - 10 698 ინფიცირებული და 104 გარდაცვლილი პირია.

ის დადებითი დინამიკა, რაც საქართველოში შეინიშნება, ექიმი-ინფექციონისტის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ხელისუფლებისა და მედიკოსების საერთო შრომისა და გატარებული ზომების შედეგია:

„საქართველომ მეზობლებს კი არა, მსოფლიოს აჯობა. ბევრი ნიუანსი იყო, რაც არ მოსწონდა მოახლეობას, მაგრამ, რეალურად, ჩვენ სწორედ ამით ვაჯობეთ სხვებს. პირველი და მთავარია, რომ ჩვენ გვქონდა ლუგაროს ლაბორატორია, მეორე და ასევე მთავარი - დროულად მოხდა იმ ხალხის შეჩერება, რომელთაც შეეძლოთ საქართველოში ვირუსი შემოეტანათ. მაქსიმალური ყურადღება მიექცა გარედან შემოსულ ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ ვირუსი, თუნდაც ფარული ფორმით.

„ასევე შიდა კლასტერებზე ყურადღებამაც ვირუსს არ მისცა საშუალება გავრცელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ასეთი ამბავი იყო, მაინც ტარდებოდა შეხვედრები დღესასწაულებზე, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ერთმა მეორეს გადასდო.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთად მუშაობდა მთავრობა, რომელიც პროფესიონალებს უჯერებდა. ამ სიტუაციაში ექიმი გადაწყვეტილების მიღებაში უფრო მნიშვნელოვანი იყო და მას უნდა შეეთავაზებინა ის რეკომენდაციები, რომელიც მთავრობას დღის სინათლეზე გამოჰქონდა.

„ვირუსის გადაცემის დროს ხდება მისი გაძლიერება. საქართველოში არ გაძლიერდა ისე ვირუსი, როგორც იტალიაში, ესპანეთში და ა.შ. პრევენცია უფრო მნიშვნელოვანი იყო," - თქვა ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე, მეზობელ ქვეყნებში არსებული რთული მდგომარეობა, საქართველოსთვის ხომ არ შექმნის რაიმე პრობლემას, ინფექციონისტი ასე პასუხობს:

„პრობლემას შექმნის იმ შემთხვევაში, თუ არ გაგრძელდა ის პრევენციული ზომები, რომელიც ვირუსის შემოტანის მიზნითაა გატარებული. არ უნდა მოხდეს გარედან შემოტანა," - აღნიშნა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×