თამარ შუკვანი
12.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში გატარებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ შესაძლოა კოვიდ-19-ის მორიგი აფეთქება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება, მედიკოსების ნაწილი საზოგადოებას მოუწოდებს, გაცემული რეკომენდაციები დაიცვან, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები თავიდან იქნას არიდებული.

მსგავს საფრთხეზე პროგნოზი სხვა ქვეყნების მაგალითზე კეთდება. მაგალითად, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, გერმანიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება საქართველოს, გატარებული ზომების თანდათან მოხსნის ფონზე, კორონავირუსით დაინფირებულთა რაოდენობის მომატებას მედიკოსთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პიკის ფაზა უკვე გაიარა და თუკი იქნება მატება, მხოლოდ უმნიშვნელო, რაც სერიოზულ პრობლემას, ვირუსის გარცელების კუთხით, არ შექმნის.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის დედაქალაქში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა და სხვადასხვა დაწესებულბები თავიდან გაიხსნა, სეულის ღამის კლუბებსა და ბარებში კორონავირუსით 94 ადამიანი დაინფიცირდა.

მეტიც, როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, დაინფირებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყო, რადგან კლუბებსა და ბარებში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებული არაა. მათი ვარაუდით, 1-2 მაისს აღნიშნულ დაწესებულებებს 5 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა, რომელთაგანაც ტესტი ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარს ჩაუტარდა.

ახალი შემთხვევების რაოდენობა გერმანიაშიც გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. „სქაი ნიუსის" ინფორმაციით, გერმანელმა მედიკოსებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც შემთხვევების აშკარა მატებაზე მიუთითებს. გერმანიაში მაღაზიები, პარკები, სკოლების ნაწილი გაიხსნა. საუბარია „ბუნდესლიგის" მომავალი კვირიდან დაწყებაზეც.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებას არ გამორიცხავს და საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს:

„თუკი არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მოსალოდნელია და გამორიცხული არ არის, რომ მატება აქაც იყოს. თუმცა, შეზღუდვები ისე ეტაპობრივად იხსენება, წესით, არ უნდა მოხდეს. რეკომენდაციები მართლა უნდა შესრულდეს და იქნებ გადავრჩეთ," - აღნიშნა ენდელაძემ „რეზონანსთან საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყო, ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებას არ ელოდება და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ შეინიშნება დადებითი დინამიკა, რაც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

„ნაკლებად ვვარაუდობ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ახალმა შემთხვევებმა მოიმატოს. გერმანიასა და სამხრეთ კორეაში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო, მაგრამ მაინც ფიქსირდებოდა რამდენიმე ასეული, ხანდახან ათასი შემთხვევაც. ჩვენთან დღევანდელი მონაცემებით, ბოლო ექვს დღეზე მეტია, ათზე ნაკლები შემთხვევა დასტურდება, დღეს კი სულ ერთი დადასტურებული შემთხვევა იყო 24 საათის განმავლობაში. ეს იმის ფონზე, როდესაც დღის განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანის ტესტირება ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად მოხდება შეზღუდვების მოხსნა, რაც აუცილებელიც არის, არ ვვარაუდობ, რომ ჩვენთანაც მოხდება ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა," - თქვა გოგინავამ.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ვარაუდობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შესაძლოა იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება, თუმცა, ეს იმდენაც მცირე იქნება, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით პრობლემას ვერ შექმნის:

„იმ ქვეყნებში მაინც „ლაითად" იყო გატარებული შეზღუდვები და შესაძლოა ძალიან ბევრი უსიმპტომო ფორმებით ყოფილიყო, აკრძალვების გახსნამ კი წინა პლანზე წამოიწია. ჩვენთან შეიძლება მოიმატოს, მაგრამ ასეთი რაოდენობით არა, რადგან ჩვენთან პრევენცია ძალიან მაღალ დონეზე იყო. მალევე ჩავკეტეთ საზღვრები და გავრცელების პრობლემები მოიხსნა. სხვაგან ძალიან ბევრი ადამიანი იყო ინფიცირებული. არ არის გასაკვირი, რომ გახსნის შემდეგ მოხდა ფარული გზებით გავრცელება.

„შეიძლება ერთ-ორი შემთხვევა ჩვენთანაც დაფიქსირდეს, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფა და საშინელება. მთავარი პრობლემა გადავლახეთ, რაც ეხებოდა შიდა კლასტერებით გავრცელებას. მოხდა იმ ადამიანების იზოლირება, რომელთაც შეიძლება შემთხვევითი კონტაქტები ჰქონოდათ ინფიცირებულებთან. სწორედ ამიტომ გვაქვს დადებითი დინამიკა. პიკი უკვე გადავლახეთ და საშიშოება იმისა, რომ შეიძლება დიდი აფეთქება მოხდეს, პრაქტიკულად აღარ არსებობს," - აღნიშნა ხმალაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიციო დირექტორი მარინა ეზუგბაია საზოგადოებას თვითშეზღუდვის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოსახლეობის ცხოვრების წესი არ უნდა შეიცვალოს.

„შეზღუდვების თანდათან მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა, მიუხედავად თავიანთი განსხვავებული ხასიათისა, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, აქედან გამომდინარე, შედეგებიც ვნახეთ, რომ ძალიან კარგი გვაქვს.

„მოსახლეობასაც მივმართავ - ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს თვითონ და აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, როცა შენ იცი, რომ ქვეყანას სჭირდება, როცა შენს გვერდზე მყოფს სჭირდება და ყველას სჭირდება, შენს თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად და ვეცდები, რომ არაფერი არ გავაფუჭო სამომავლოდ.

„თუ ჩვენ ყველანი, თქვენ, მე და ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი," - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×