მთავრობის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა მზადაა
ირაკლი ლომიძე
12.05.2020

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა მზადაა. მთავრობა აგრარული სექტორის მხარდასაჭერად  უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარებას იწყებს.  ანტიკრიზისული გეგმის მიზანი მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებაა. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფაქტობრივად თითოეული ეტაპის სუბსიდირებას ან თანადაფინანსებას გულისხმობს. მათ შორის გათვალისწინებულია სპეციალური პროგრამა დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე სუბსიდირება ქიმიკატების შესაძენად, დაფინანსება მცირემიწიანი ფერმერებისთვის მიწების დასამუშავებლად და სხვა მრავალი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, მათ შორის აგროდაზღვევის, იაფი აგროკრედიტის, “დანერგე მომავალის” და სხვა პროგრამების დაფინანსებების გაფართოებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის დახმარება დაახლოებით 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარია. მთავრობა აგრარული სექტორის ერთ-ერთ გამოწვევად სასურსათო უსაფრთხოებას მიიჩნევს, რომლის გადაჭრასაც ანტიკრიზისული გეგმა უნდა მოემსახუროს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ გეგმაში მიწების რეგისტრაციაა. მთავრობის გადაწყვეტილებით,  3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა. მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათები და დახმარებები იმ ფერმერებსაც შეეხება, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მეურნეობის განვითარებას, ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე მოახერხებს რეგისტრაციას, ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. 

ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლია იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რასაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა მიმართულებით უდიდესი და ძალზედ საინტერესო სამუშაო გასწია, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

რა დახმარებას მიიღებენ ფერმერები?

მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ფერმერების დახმარებას,  ეს არის პირდაპირი სუბსიდირება იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ: 

,,აგრარული სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და ეს არის  გამოწვევა, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე, რომ კერძო სექტორში არსებობდეს სასოფლო -სამეურნეო მექანიზაცია. ჩვენ ახლა მცირე მეურნეობებისთვის გავაჩინეთ სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება, ეს არის 50% და მაქსიმუმ 50 000 ლარი. 

ვიცით, რომ სასათბურე მეურნეობებზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა. მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის გვაქვს 50 000 ლარამდე თანადაფინანსების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი დახმარებაა ასევე საირიგაციო თანამედროვე სარწყავი სისტემების თანადაფინანსების მხრივ. ეს შეიძლება იყოს როგორც დამასხურებელი, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემები. ამით მოგვეცემა ერთწლიანი კულტურების თანამედროვე პირობებში წარმოების საშუალება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს  სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებების, ასევეე მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები და სათესლე და სარგავი მასალების შესაძენად.

პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი.

პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის

ახალი საბანკო  შეღავათები აგროწარმოებისთვის, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. კერძოდ, საბრუნავი საშუალებების კომპონენტში (ერთწლიანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენეტი) - საბანკო სესხი 5 000 ლარიდან 100 ათას ლარამდეა. სრული თანადაფინანსება 17%-ს შეადგენს, ხოლო თანადაფინანსების პერიოდი 6 თვით განისაზღვრა. 

ძირითადი  საშუალების თანადაფინანსების კომპონენტი - საბანკო სესხი 20 000 ლარიდან 1 500 000-მდეა, თანადაფინანსება 11-12%-ს შეადგენს,  თანადაფინანსების  პერიოდი 48 თვეა. 

სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში,  საბანკო სესხი 1 500 001-დან 5 000 000 ლარამდე განისაზღვრა, თანადაფინანსება 10%-ია, თანადაფინანსების პერიოდი კი 24 თვეს შეადგენს. 

როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ერთწლიანი კულტურების სესხისთვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება. ძირითადი საშუალების თანადაფინანსება 8%-ის ნაცვლად იქნება 11%; ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვალად იქნება 12%. 

აგროკრედიტის ბიუჯეტი 74 მლნ ლარი იყო, სახელმწიფო დამატებით 7,5 მილიონ ლარს გამოყოფს.

ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარება ერთ ჰექტარზე 850-დან 1 700 ლარამდე შეადგენს . მინისტრის თქმით, დახმარებას 200 000 ოჯახი მიიღებს, თუმცა მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ მეტი ფერმერი დაარეგისტრირებს მიწას და უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება პროგრამაში.

„პირდაპირი დახმარება, რომელსაც ფერმერი იღებს, აგრობარათის, აგროდიზელის, სამელიორაციო გადასახადის შეღავათით თუ საბრუნავი საშუალებების საკრედიტო თანადაფინანსების კუთხით, ერთ ჰექტარზე შეადგენს 850 ლარიდან 1 700 ლარამდე. 850 ლარიდან 1 700 ლარამდე გამოდის შეღავათი როგორც საპროცენტო თანადაფინანსების, ისე პირდაპირი დაფინასნების კუთხით. ეს არის პირდაპირი დახმარება და ამას მიიღებს 200 000 ფერმერი, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ფერმერი დაარეგისტრირებს მიწას, ჩაერთვება პროგრამაში და უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება. 200 000 ფერმერის უკან, რა თქმა უნდა, დგანან ოჯახის წევრები და ეს არის 200 000 ოჯახის დახმარება. გარდა ამისა, მთავრობა ფერმერებს წყლის გადასახადისგან ათავისუფლებს. ამ შეღავათის სრული ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 ხელისუფლება ფერმერებს 2 ტიპის საგადასახადო შეღავათს სთავაზობს: ერთი - მიმდინარე, 2020 წლის განმავლობაში წარმოქმნილი დავალიანება სამელიორაციო მომსახურებაზე, რომელიც ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. მეორე - დაგროვილი გადასახადები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ ფერმერებს. 

"ეს არის 12-დან 19 წლის ჩათვლით დაგროვებული თანხა, მაგრამ ძირითადი დავალიანებები დაგროვდა 2012 წლამდე. პირობითი იყო საირიგაციო მომსახურება, რასაც ამ პერიოდში სახელმწიფო სთავაზობდა ფერმერებს. ძირითადად საირიგაციო სისტემა იყო მოშლილი და საქართველოში 2012 წლისთვის დაახლოებით 400 ჰექტარი თეორიულად ირწყვებოდა. დღეს საქართველოში გასარწყავიანებულია 110 ათასი ჰექტარი მიწა და ჩვენი გეგმაა, რომ 200 ჰექტარს გადავცდეთ. ამაში ათეულობით მილიონი იხარჯება”, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

კაგრარული სექტორის მხარდამჭერ ღონისძიებებში ერთ-ერთი საკითხი კოოპერატივების დახმარებაა.  როგორც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ითქვა,  იმ ფერმერებს, რომელთაც სასათბურე მეურნეობისთვის ტექნიკის შეძენა, ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო სამუშაოების ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს. 

„კოოპერაცია ჩვენს პოლიტიკაში ახალი თემაა. ვიცით, რომ განსაკუთრებული შედეგები აქ შეიძლება ჯერ არ იყოს, მაგრამ საფუძველი ჩაყრილია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს. შექმნილია რამდენიმე მსხვილი კოოპერაციული მეურნეობა, მათ შორის მეთხილეობის სექტორში ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას იმისთვის, რომ რამდენიმე წელში ჩვენ მსხვილი კოოპერატივები გვქონდეს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში. კოოპერატივების მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტის სტანდარტების არსებობა, მართვის ელემენტარული უნარ-ჩვევების ქონა და აქ კოოპერატივების დახმარებისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური საგრანტო დახმარება, იგივე ბუღალტრული თუ მმართველობითი საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების კუთხით. თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ახალი ინიციატივა - აგროდიზელი ფერმერებისთვის 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აგროდიზელთან დაკავშირებული ინიციატივაა, რაც გულისხმობს სპეციალური შეღავათიანი ფასით დიზელის შეძენის შესაძლებლობა ფერმერებისთვის. მინისტრმა დეტალურად განმარტა ის პირობები, რომლის მიხედვითაც,  ფერმერები საწვავის იაფად შესყიდვას შეძლებენ, თუმცა დახმარების პაკეტი მიწის ფართოების მიხედვით ლიმიტირებული იქნება. 

„ეს არის სპეციალური შეღავათიანი ფასით დიზელის შეძენის შესაძლებლობა ჩვენი ფერმერებისთვის. ერთ ფერმერს წლის განმავლობაში 1 ჰა-ზე, დაახლოებით, 150 ლიტრის საწვავი სჭირდება. ჩვენ მსხვილ ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, ოღონდ არა უმეტეს 100 ჰა-ზე, ანუ მათთვის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 15 000 ლიტრი დიზელის საწვავი. თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ დღეს გასამართ სადგურებში არსებულ ფასთან შედარებით დიზელის შეთავაზებული ფასი თითქმის 1 ლარით ნაკლები იქნება, თითქმის 15 000-ლარიანი შეღავათია 100 ჰექტრიანი მსხვილი მეურნეობისთვის. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა არ არის მოკლევადიანი პროექტი და მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი. ჩვენ ამ დეტალებზე დიდი ხანი ვმსჯელობდით და მოვახდინეთ პირობებზე მოლაპარაკება საწვავის მსხვილ მომწოდებლებთან, რაზეც უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია. ამ პროექტით სარგებლობას ჩვენი ფერმერები 20 მაისიდან შეძლებენ. საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებში რეესტრიდან მათ შეუძლიათ მიიღონ სპეციალური ამონაბეჭდი, რომლის ელექტრონული პროგრამა სამინისტროს მიერ  უკვე მომზადდა“, - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×