თამთა ჩაჩანიძე
12.05.2020

„მგონია, რომ საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საკონსტიტუციო ცვლილებები და პატიმართა საკითხი. ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იძულებული გახდა და რაღაც დათმობებზე წავიდა და პატიმართა საკითხი გადაწყვიტა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შესაძლო სამოქმედო გეგმას, რომელიც 8 მარტს მმართველ პარტიასთან გაფორმებულ შეთანხმებასა და ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლების უარს უკავშირდება.

ორთვიანი პაუზის შემდეგ, ოთხშაბათს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრება იგეგმება, სადაც მათი მომავალი მოქმედების სტრატეგიაზე გაიმართება მსჯელობა.

ძაბირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ბოიკოტი გამოუცხადა, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, რადგან, მისივე თქმით, ხელისუფლებამ თუ მოინდომა, საკონსტიტუციო ცვლილებას მაინც გაიტანს და შემდეგ ოპოზიციაზე სალაპარაკო ექნება, რაც შემდგომში არჩევნებზე ოპოზიციისათვის ცუდად აისახება.

„პროცესი, ასე ვთქვათ, დაიწყო და საკმაოდ რთულად ვითარდება. მასში უკვე ჩაერთო ადამიანთა ის ნაწილი, რომლებიც ასე თუ ისე ამ მოლაპარაკების თანაავტორები იყვნენ და ერთგვარად შუამავლის როლსაც ასრულებდნენ. ასე რომ, ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაგრძელდება და თუ ხელისუფლებს იმის განცდა ჰქონდა, რომ პანდემიის გამო ამ პროცესისთვის ვერ მოიცლიდნენ, როგორც ჩანს ეს სწორი გათვლა არ იყო.

„ოპოზიცია რა თქმა უნდა ამ პროცესს გააგრძელებს და შეეცდება, რომ ახალი რეალობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ, მე მაინც მგონია, რომ საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს: ერთი - საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე -პატიმართა საკითხი. ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იძულებული გახდა და რაღაც დათმობებზე წავიდა და პატიმართა საკითხი გადაწყვიტა.

„ჩემი აზრით, ოპოზიცია პროცესში უნდა ჩაერთოს. ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს და მან უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს ცვლილებები იქნეს განხორციელებული. პარალელურად კი, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს. თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს და პატიმრებს არ გაათავისუფლებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი თემა უნდა გახდეს საარჩევნო პერიოდში ოპოზიციისთვის.

„ოპოზიცია ალბათ გარკვეულწილად პრინციპული დარჩება და ხელისუფლებისგან დათმობაზე წასვლას მოითხოვს, ოთხშაბათის შეკრება მგონია, რომ ამაზე უფრო შორს არ წავა.

„ხელისუფლებას ამ შემთხვევში პლუსი აქვს ის, რომ, თუ მოინდომებს, რამდენადაც მე მახსოვს, ოპოზიციის გარეშეც მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ანუ, თუ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ, ხელისუფლება ამას მაინც მიიღებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება უფრო მომგებიან პოზიციაში იქნება და ოპოზიციაზე სალაპარაკო ექნება, ანუ არჩევნებისადმი ბოიკოტი არაფრის მომტანი არაა.

„ერთი რამ ფაქტია - რომ ხელისუფლება ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას ანგარიშს არ უწევს. ხელისუფლება ანგარიშს დასავლეთს და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს გაუწევს, როგორც ეს 8 მარტის შეთანხმების დროს მოხდა, ყველფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ოპოზიციამ რამდენად სწორად და ზუსტად შეაფასებს, თუ დასავლეთთან ერთად რა გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რომ ამის მიხედვით დასახოს თავისი გეგმა, თორემ შესაძლოა დასავლეთმა კატეგორიულ ჩარევაზე საერთოდ უარი თქვას, მაშინ ოპოზიციის მხრიდან ეს იქნება ფუჭი გასროლა და არა მხოლოდ ფუჭი გასროლა, ეს არჩევნებზე ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ძალიან ცუდად იმოქმედებს" - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×