თამარ შუკვანი
13.05.2020

„შეთანხმების მეორე ნაწილი პრობლემური გახდა, რადგან მხარეები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და ითხოვენ იმ შეთანხმების შინაარსს და პათოსს, რომელიც 8 მარტს დაიდო. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საარჩევნო სისტემა და მის დაახლოება პროპორციულთან. მთავარი თემის მიბმა ამ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან, ხელოვნური და შეუსაბამოა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ გაუგებრობას 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები 13 მაისს განახლდა. ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად აღნიშნავენ, ამაზე შესაბამისი რეაგირება გახდება საჭირო.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ასეთი პრობლემური შეთანხმების მეორე ნაწილი?

ზაალ ანჯაფარიძე: არ ვიცი რით ხელმძღვანელობდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მედიატორები, როდესაც ხელმოსაწერად მეორე დოკუმენტი შემოჰქონდათ. ალბათ ხდებოდა გარკვეული ზემოწმდება, რომ მხარეებს ხელი მოეწერათ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, როდესაც მხარეები აბსოლუტურად არ იქნებოდნენ შეთანხმებული იმაზე, რომ ზუსტად ერთნაირად ესმით ამ დოკუმენტის შინაარსი, პათოსი და დანიშნულება, მაშინ არც ხელმოწერა უნდა მომხდარიყო.

როდესაც ორივე მხარე ხელს აწერს დოკუმენტს, ეს იმას ადასტურებს, რომ ისინი აბსოლუტურად ერთნაირად იღებენ ამ დოკუმენტის შინაარსს. ჩვენ კი ვნახეთ, რომ მხარეებმა მოაწერეს ხელი დოკუმენტს იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებისათვის ანგარიში გაეწიათ და მათ ზეწოლას დამორჩილებოდნენ. მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, თუ რა მოხდა 8 მარტს.

„რ": შესაძლოა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ იქნას კონსენსუსი? და თუკი ასე არ მოხდა, რამდენად მოსალოდნელია საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა წინასაარჩევნოდ?

ზ.ა: ალბათ ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა ჩაერთონ საქმეში და თავად აწონ-დაწონონ. ერთ სასწორის პინაზე დევს არჩევნების ჩატარება 120/30 სისტემით, რაზეც შეთანხმება არის მიღწეული, მეორე მხარეს არის გაურკვევლობა, - მოსალოდნელია საპროტესტო აქციები, არჩევნების ჩაშლა და ა.შ. ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია.

თუ „ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და ოპოზიციის ხმების გარეშე გაიტანა საკონსტიტუციო ცვლილება, მაშინ ოპოზიცია პოლიტიკურად და რეპუტაციულად აღმოჩნდება ძალიან წამგებიან მდგომარეობაში. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, მათი კონსტრუქციულობის დიდი იმედი არ მაქვს და თუ მაინც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროცესების რადიკალიზაციისკენ, ეს იქნება ძალიან ცუდი და ქვეყანას დააბრუნებს კონფრონტაციის პერიოდში, სადაც საარჩევნო გარემოც იქნება დაზიანებული

„რ": გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ იყო ევროპარლამენტარის განცხადება, რომელიც ხელისულებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა. მის განცხადებაში კონკრეტული გვარები გაჟღერდა. როგორ ფიქრობთ, გაძლიერდება თუ არა ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე" წინასაარჩევნოდ ევროპარლამენტარების მხრიდან? გვახსოვს, ევროპრალემტნარებისა და კონგრესმენები ღია წერილები.

ზ.ა: კონკრეტული ევროპარლამენტარების და კლონგრესმენების წერილები თუ „ტვიტერზე" გაკეთებული განცხადებები არის „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტური საქმიანობის შედეგი.

არცერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მას ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს. რაც უფრო მალე მოიხსნება პოლიტპატიმრების თემა და ეს ადამიანები არ იქნებიან განხილული პოლიტპატიმრებად, ამოქმედდება ის მექანიზმი, რაც ტექსტში წერია, რომპ რეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს მაქსიმალურად ამოქმედებული. სწორედ ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×