თამთა ჩაჩანიძე
13.05.2020

„ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეროვნული ინტერესების ერთ-ერთ მიმართულებას ამერიკული ბიზნესინტერესების დაცვა წარმოდგენს (მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში) და არ გამოვრიცხავ, რომ ჯიმ რიშის განცხადების უკან ამერიკული ბიზნესინტერესებიც იყოს. გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადება კი შესაძლოა, პარტიული სოლიდარობისთვის იყოს გაკეთებული", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების მხრიდან „ქართული ოცნების" მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

ევროპარლამენტარმა გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა მაიკლ გელერმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, მანამდე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

მაისაიას აზრით, გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადება შესაძლოა, პარტიული სოლიდარობის გამო იყოს გაკეთებული, ხოლო სენატორის განცხადება აშშ-ის ბიზნესინტერესების დაცვაზე მიგვანიშნებდეს.

„ადრე რამდენიმე ევროპარლამენტარმა და ამერიკის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა პირიქით, ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომ, მაგალითად, საქართველო პროგრესისკენ მიდისო, ეს ორ პოლიტიკურ ძალას შორის კლასიკური იდეოლოგიური დაპირისპირებაა, და ბუნებრივია, ისინი არსებულ ბერკეტებს იყენებენ, რომ ამ ბრძოლაში თავიანთი მომგებიანი პოზიციები დააფიქსირონ, რაც ლოგიკურიცაა.

„როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამაზე კიდევ ერთხელ პასუხი გაეცა, პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ არავითარი პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ადრეც იყო ნათქვამი, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები იმ პროცესთანაა დაკავშირებული, რომ ოპოზიციური ძალების მიერ გადაცემული ინფორმაცია არასწორია.

„არიან ნეოკონსერვატორები და სხვა ჯგუფები, რომლებიც საქართველში ოპოზიციურ გარკვეულ ჯგუფს უჭერენ მხარს, უფრო მეტად „ევროპულ საქართველოზე" მაქვს საუბარი, „ნაცმოძრაობას" ცოტა სხვა მიმართულება გააჩნია. აქედან გამომდინარე, ისინი ყველა საშუალებასა და ლობისტურ დაჯგუფებას იყენებენ, რათა ხმა მიაწვდინონ.

„ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეროვნული ინტერსების ერთ-ერთ მიმართულებას ამერიკული ბიზნესინტერესების დაცვა წარმოადგენს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და არ გამოვრიცხავ, რომ ჯიმ რიშის განცხადების უკან ამერიკული ბიზნესინტერესებიც იყოს, გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადება კი შესაძლოა, პარტიული სოლიდარობისთვის იყოს გაკეთებული, არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში ამერიკული კომპანია მართალია თუ არა, როგორც ჩანს, ამერიკელებმა ეს აღიქვეს, როგორც მათი ინტერესების შელახვა, ეს განცხადება კი საქართველოს ხელისუფლების მისამართით არაპირდაპირი სიგნალური დიპლომატიაა.

„როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოს" იმ ნეოკონსერვატორებთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის შიგნით საკმაოდ გავლენიან წრეს წარმოადგენენ და რომლებსაც დასაყრდენი აქვთ უმრავლესობის სახით სენატში.

„ტრამპმა ამერიკული ბიზნესინტერესების დასაცვად ჩინეთთანაც ახალი ცივი ომი დაიწყო, ანუ ეს თემა ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ღერძი გახდა, თუმცა რიშის მოსაზრებას ტრამპის ადმინისტრაცია რამდენად იზიარებს, ეს უახლოეს მომავლში გამოჩნდება.

„საქართველოში იყო ამერიკული ბიზნესინტერესების სხვადასხვა ქეისი, „ფრონტერა" „ფილიპ ტობაკოს" და ანაკლიის პორტთან არსებული სერიოზული საკითხები, ანაკლიის პორტი - ეს იყო ჩინეთის საწინააღმდეგო ქმედება, ასევე - ფიქალის გაზის ტექნოლოგიების დამკვიდრება და ევრაზიულ ბაზარზე გატანა, ღრმაწყლოვანი პორტის არსიც ზუსტად ამაში გამოიხატებოდა, ეს საქართველოსაც წაადგებოდა იმიტომ, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთზე არ ვიქნებოდით დამოკიდებული.

„ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია, ეს სამი ქვეყანა კი რამდენად პროდასავლურია, ყველასთვის ნათელია.

„ჯიმ რიში რიგითი წარმომადგენელი არაა, ეს გავლენით დაახლოებით მეხუთე პირია აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურებში და მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა.

„მე ვთვლი, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან, პიროვნებები, ვისზეც საუბარია, მსჯავრს მართლა იმსახურებენ, თუმცაღა მათი დაპატიმრება დროული იყო თუ არა, ეს ცალკე საუბრის თემაა", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×