
„ხელისუფლება მეტ დათმობაზე არ წავა, გამორიცხულია პატიმრების გათავისუფლება, რადგან ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, მაშინ შენ სახელმწიოფ არ გაქვს და ვერც სხვა ქვეყნა ჩაერევა. ამიტომ სჯობს ოპოზიცია მოემზადოს არჩევნებისთვის. ამ პანდემიის ფონზე ისედაც ბევრ ამომრჩეველს კარგავს," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ჩიხში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ამ კორონანიუსის ფონზე (ასე დავარქვი სიტუაციას, რომელიც თავს დაგვატყდა) იმდენი პლიუსი დაიწერა ხელისუფლებამ და ამას აღიარებს მთელი მსოფლიო, რომ არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული აქვს და ხელისუფლებაშიც ძლიერად დარჩება. დღეის მონაცემბით „ოცნებას" ხმების 51%-ი უკვე ჯიბეში უდევს. არჩევნები არ ჩაიშლება და აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ როდესაც სიების შედგენა დაიწყება, ბუნებრივია, თავად „ოცნებაში" იქნება გავლენებზე ლაპარაკი და ყველა ეცდება თავისი პოზიციის გამყარებას. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ გახარიას გავლენის შესუსტებაზე ლაპარაკი გადაჭარბებულია. გახარიას პოლიტიკიდან ჩამოცილება ძალიან დიდი შეცდომა იქნება „ოცნების" მხრიდან.
რაც შეეხება ოპოზიციას, მან ამ პანდემიის ფონზე დაინახა უზარმაზარი საშიშროება, რომ ამომრჩეველს კარგავს და შორდება სანუკვარ მიზანს მოვიდეს ხელისუთფლებაში. მაისის ბოლოდან უფრო გააქტიურდება, მაგრამ ხელისუფლება მეტ დათმობაზე არ წავა. გამორიცხულია პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ხელისუფლება ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაშინ სახელმწიფო არ გაქვს. ვერც სხვა ქვეყნები ჩაერევიან. ამიტომ, სჯობს ოპოზიცია მოემზადოს არჩევნებსითვის. წინ დიდი ბრძოლა ელით.
პირადად მე ვერ ვხედავ ოპოზიციაში იმ ძალას და ვერც ლიდერს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს „ოცნებას". მიშას მონაცემები, ერთად რომ შეკრიბო, მთელ ოპოზიციას ერთად არ გააჩნია. თანაც სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ვეღარ ჩაერევა, მას ამის უფლება არა აქვს. ამიტომ, ვინ გაგრძელებს ამ გზას და ვინ შეაბამს ეჟვანს, არ ვიცი. ძალაუფლება კი ქუჩაში არ აგდია, ის უნდა მოიპოვო, მაგრამ არა იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ოპოზიცია ცდილობს.
სულ მიკვირს, ნუთუ „ნაციონალურ მოძრაობაში" ანალიტიკოსები არ ჰყავთ? როგორც შეიძლება ყოველ დღე ტელეკრანზე გამოჩნდნენ ნეგატიური წარსულის მქონე ადამიანები, თუნდაც როგორც გოცირიძეა, ასეთი აბსურდული მოსაზრებებით. ჰგონიათ რომ ვინმე დაუჯერებთ ან კარგია ეს „ნაცმოძრაობისთვის"? ანდა სხვები, თუნდაც ლეიბორისტები, საზოგადოებას უკვე მობეზრდა ოპოზიციის უსამართლო გამოსვლები. ალბათ ბიძინას კიდევ აქვს სამომავალოდ კოზირები შემონახული, დღეს მას ხალხის მოსყიდვა არ სჭირდება, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კანონის ფარგლებში ეხმარება ხალხს. მაგრამ ოპოზიციამ ვერც აქამდე ისწავლა რამე და ვერც ისწავლის," - განაცხადა "რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.