
ექსპორტსა და იმპორტს სულ უფრო მეტი პრობლემები ექმნება. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, იანვარ-აპრილში ექსპორტი – 11.9%-ით, ხოლო იპორტი 11.8%-ით შემცირდა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ორივე მხრივ დრამატული სურათი შექმნა, განსაკუთრებით - ექსპორტის კუთხით.
საქართველო ადგილობრივი წარმოებით დიდად არ გამოირჩეოდა და პანდემიამ ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული უარყოფითი ბანალსი კიდევ მეტად გაზარდა. სტატისტიკოსები მიიჩნევენ, რომ, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არსებული სტატისტიკა ბუნებრივია. გივი მომცელიძის განცხადებით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ადგილობრივ წარმოებას რეალიზაცია გაუჭირდება, რადგან მეზობელ ქვეყნებში (სადაც, ძირითადად, საქართველო ექსპორტს ახდენს) ვირუსის გავრცელების ტალღა ახლა იწყება.
„საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია, თუმცა ალოგიკური ნამდვილად არ არის. მოსალოდნელიც იყო. განსაკუთრებით თვალში მოსახვედრია იმპორტის კლება. რასაკვირველია, მოხმარება შემცირებულია. ამას თუკი შეიძლება, რაიმე დადებითი ჰქონდეს, ისაა, რომ ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდება დოლარის მხრივ. შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, მოხმარებასთან ერთად, ნავთობის ფასის ვარდნაცაა.
ძნელი სავარაუდოა, თუ რა იქნება მომავალში. ყველაფერი ისევ კორონავირუსზეა დამოკიდებული. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა და იქ უკვე ეკონომიკის გამოცოცხლებაზე საუბრობენ. ასეთი ამბავი ტალღასავით გავრცელდება, მათ შორის - საქართველოზეც. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს კორონავირუსის არიდების მხრივ. პატარა ეკონომიკა გვაქვს და შეგვიძლია, სხვებზე უფრო სწრაფად დავძლიოთ კრიზისი, განსაკუთრებით - საგარეო ვაჭრობის მხრივ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
ადგილობრივი წარმოების მხრივ არასდროს ვბრწყინავდით. პანდემიამდე რაც გვქონდა, ახლა იმის ამუშავებაც გაჭირდება. ამ მხრივ ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებულნი, რადგან ჩვენი პროდუქცია იმ ქვეყნებში, სადაც პანდემია გადალახეს, ნაკლებად გადის. ექსპორტს, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში ვახდენთ, იქ, სადაც პანდემიის მხრივ ახლა კარგი ვითარება არ არის, მათთან კორონავირუსის ტალღები ახლა იწყება.
რუსეთზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. ჩვენი ეკონომიკისა და წარმოების ჩრდილოეთ მეზობელზე დამოკიდებულება საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, უახლოეს თვეებში ცუდ ვითარებაში აღმოჩნდება. მორიგი გაკვეთილი ვიხილეთ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება არ არის კარგი და იქნებ ახლა კიდევ უფრო გააქტიურდეს ალტერნატიული ბარზების მოძიება”, - განაცხადა „რეზონანსთან” გივი მომცელიძემ.
ამ ეტაპზე, საქართველოში ადგილობრივი წარმოება თითქმის გაჩერებულია, პროდუქტზე მოთხოვნა კი გაზრდილია, რადგან კორონავირუსმა ხალხში პანიკა გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში ახლა იმაზე მეტი პროდუქტის შემოტანაა საჭირო, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში ხდებოდა.
ექსპერტი სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი სტატისტიკური მონაცემები ბუნებრივია და მისი განვითარების ეტაპები დამოკიდებულია მათზე, ვინც ქვეყნის ეკონომიკას მართავენ.
„ზოგადად, ეკონომიკის მოცულობა შემცირდა და შესაბამისად, მოხდა ექსპორტისა და იმპორტის კლება. ეს ბუნებრივია და ვითარება როგორ გაგრძელდება, დამოკიდებულია ისევ და ისევ მათზე, ვინც ქვეყნის ეკონომიკას მართავენ. რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ექსპორტ-იმპორტის გავლენა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე, ზუსტად საგადასახდელო ბალანსის მიხედვით იზომება. ჩვენ შეიძლება, ნაკლები გავიტანოთ, ვიდრე შემოვიტანოთ, მაგრამ ვალუტის მხრივ დადებითი ბალანსი გვქოდეს. მთავარია, ვალუტა რამდენი გადის და შემოდის. ბალანსი შეგვიძლია გავაუმჯობედოთ ისე, რომ ექსპორტი არც კი გავზარდოთ. მაგალითად, თუ იმპორტჩამნაცვლებელ საქონელს ვაწამოებთ (მაგალითად, თურქეთიდან ნაკლებ ბოსტნეულს შემოვიტანთ და ჩვენ თავად მოვიყვანთ საჭირო რაოდენობის ხახვს, ბადრიჯანს და ა.შ.), მაშინ გამოვა, რომ ჩვენ გვექნება უკეთესი ბალანსი და, შესაბამისად, მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ორიენტაცია პირდაპირ ექსპორტზე გართულდება, მაგრამ თუ ქვეყნის შიგნით იმპორტის მოცულობას შევამცირებთ, ამით ვალუტის გარეთ გადინებას შევაჩერებთ და, საბოლოო ჯამში, გაუჯობესდება ცხოვრების დონე და ექსპორტ-იმპორტის ბალანსიც. ყველა ქვეყანამ დაიწყო იმპორტის შეზღუდვა და ყველა ცდილობს, თავის მეწარმეს მოუფრთხილდეს, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ”, - განუცხადა „რეზონასს” სოსო სიმონიშვილმა.