თამთა ჩაჩანიძე
13.05.2020

„ბოლობოლო თუ ასე დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ, მაშინ გაიმარჯვებენ და ჩაიდებენ ისევ სასამართლოს ჯიბეში და ვისაც უნდა, დაიჭერენ, ვისაც უნდა გამოუშვებენ, სულ ექვსი თვეა დარჩენილი, რა ციებ-ცხელება სჭირთ?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია 13 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვდრას და შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„რეზონანსი": ოპოზიცია შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ თუ მმართველი გუნდი პატიმრებს არ გაათავისუფლებს, პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებენ და მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" დაეკისრება.

ნუკრი ქანთარია: ოპოზიციამ დაგვისახელოს „ოცნების" თუნდაც ერთი წარმომადგენელი, რომელიც შეხვედრებს ესწრებოდა, შეხვედრაში მონაწილეობდა და რომელმაც თუნდაც კულუარებში, ან პირდაპირ ხმამაღლა დაპირდა და თქვა, რომ ჩვენ სასამართლოში ჩავერევით და ამ ხალხს გამოვუშვებთო, ან თუნდაც თვალი ჩაუკრა და ანიშნა, რომ ნუ გეშინიათ, კაცო, მაგ საქმეს ჩვენ მოგიგვარებთო. ასეთი ერთი ადამიანი დაგვისახელონ.

ამის მსგავსი ბუნებაში და სივრცეში არაა და მათ ეს ამბავი საიდან მოაქვთ, არ ვიცი. თვითონ რას გულისხმობენ, ეს სხვაა. ამირან გულში მღეროდაო, ისინი როგორც ვიცი მაგ გვარებსაც ასახელებდნენ, მაგრამ არცერთხელ არ მიუღიათ ოდნავ მაინც დამაიმედებელი ან მინიშნებითი რაღაცა პასუხიც კი.

რაც შეეხება მეორე პუნქტს (საარჩევნო სისტემაზე), ბუნებრივია იმას არავინ არ გადაუვა და არ დაარღვევს, ჯერ ერთი მეორე პუნქტი პირველთან რა კავშირშია, ჩემთვის პირადად ცოტა გაურკვეველია, თუ შარი უნდათ, კი ბატონო, მაგრამ ახლა ეს შარიც ეპიდემიის ფონზე, არა მგონია, რომ კარგი იყოს.

მათი ორი განცხადებაა. ერთია საარჩევნო სისტემაზე, რომელმაც კონსენსუსი მიიღო, რომელსაც შევასრულებთ და მეორე სადაც ესენი (ოპოზიცია) გვარებს გულისხმობენ, სადაც ამ გვარების მსგავსი არაფერი არ წერია, შესაძლოა შეხვედრებზე ამ პატიმრების გვარებს ამბობდნენ, მაგრამ ვინმე არის "ოცნებიდან", ვინც მიანიშნა, რომ ამაზე ნუ გეშინიათო? რაზე დაყრდნობით იძახიან, საზოგადოებას უთხრან და ეს რახარუხი მერე გააგრძელონ.

„რ": ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ თუ ეს ორი პირობა არ შესრულდა ეს ფაქტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მარცხს გამოიწვევს.

ნ.ქ: მეტი რა უნდათ, ეგ არ უნდათ? არ უნდათ, რომ გაიმარჯვონ? ბოლობოლო თუ ასე დარწმუნებულები არიან რომ გაიმარჯვებენ, მაშინ გაიმარჯვებენ და ჩაიდებენ ისევ სასამართლოს ჯიბეში და ვისაც უნდა დაიჭერენ ვისაც უნდა გამოუშვებენ, სულ ექვსი თვეა დარჩენილი, რა ციებ-ცხელება სჭირთ?

„რ": რას აპირებს თავის მხრივ „ქართული ოცნება"? აპირებს თუ არა ახალ საარჩევნო სისტემას უყაროს კენჭი იმ შემთხვევაშიც თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩა?

ნ.ქ: ჩვენთან ამაზე საწინააღმდეგო აზრი არ ყოფილა, ჩვენ ამას ხმას მივცემთ, მაგრამ მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ ჰყოფნის, თუ სისტემას ასევე დამოუკიდებელი, ჩვენგან გასული დეპუტატებიც მისცემენ, მაშინ იმედი მაქვს, რომ ალბათ კანონპროექტი გავა და თუ ისინიც ხმას არ მისცემენ, მაშინ მარტო ჩვენი ხმები ამას არ ჰყოფნის.

თუმცაღა გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" რატომ უნდა ჩადგნენ ბოიკოტის რეჟიმში, როცა მათ სულ ამაზე ჰქონდათ საუბარი და ახლა ფაქტიურად ეს სისტემა პროპორციულთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა, რომ რაღაც ყურადღების ცენტრში მოექცნენ და საერთაშორისო მობილიზაციაც იქნებ მოახერხონ, რაღაცა ამის კვალი უფრო ჩანს.

არიან ოპოზიციაში ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთ საკითხს მეორეს ნუ გადავაყოლებთო, თუ არ ვცდები უსუფაშვილის განცხადება იყო, თუმცა ვნახოთ პროცესი როგორ წავა, ჩვენი მხრიდან ხელის შეშლა, დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×