თამარ შუკვანი
14.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნა დაჩქარებული წესით გრძელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 მაისს მთავრობის სხდომაზე თქვა, შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება ღია და დახურულ სივრცეში სამზე მეტი ადამიანის შეკრებასაც, თუმცა, ეს არ ვრცელდება ავტომობილით გადაადგილებას.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. ამისათვის ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც ტურიზმის სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები. პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს ისრაელი გახდება. საქართველო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს.

14 მაისიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. გადაწყვეტილება 7 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიიღეს. 18 მაისს იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.

ამის პარალელურად, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული ეტაპები დაჩქარდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი. თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სილამაზის სალონებში სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები იქნება, რასაც თავად ეს ბიზნესი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, „უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება. გახარიას განცხადებით, პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნების ხელშეწყობისთვის მთავრობამ წარადგინა, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უშუალოდ ეპიდვითარებას ქვეყაში, მონაცემები ასეთია: კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან ნახევარზე მეტი, - 383 უკვე გამოჯანმრთელდა. მათ შორის 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4 233 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×