
აშშ-ის მოქალაქე თამარ თორაძე ამერიკელ სენატორ, ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართვას, რომელშიც მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ ყვება და სენატორს მოუწოდებს გიორგი რურუა პოლიტიკურ პატიმრად არ შერაცხოს და მის მიმართ გამოძიების დაწყებას შეუწყოს ხელი.
„1992 წლის თებერვალში, გიორგი (ჟორიკა) რურუამ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები - ზაზა და ლაშა თორაძეები. 1992 წლის 3 მარტს, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე ჩემი დედა და მამა. შემდეგ - ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და ჩემი და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა - კახა და იმედო. რამდენიმე ხანში გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა დაჯგუფებამ, მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა, ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა, პაატა გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ-დასავალი დღემდე არ ვიცით - ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან.
სამართლიანად გაგიჩნდებოდათ კითხვა, ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულების გამო, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, აქამდე პასუხი რატომ არ აგეს. იმიტომ, რომ ის და მისი დაჯგუფება სამოქალაქო ომში გამარჯვებულ მხარეს აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ, 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო, იგი ქვეყნიდან გაიქცა. ამას, მოგვიანებით მისი უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოჰყვა და როგორც ამ და სხვა კრიმინალური საქმეების გამო ძებნილი, გიორგი (ჟორიკა) რურუა საქართველოს ციხეში აღმოჩნდა.
თუმცა, მალევე, 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში "ვარდების რევოლუციად" წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა", რომლის გავლენიანი წევრი, შემდგომში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ძმა გახლდათ.
პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას მფარველობამ განაპირობა ის, რომ ამ წლების მანძილზე ვერ აღდგა სამართალი და გიორგი (ჟორიკა) რურუა, ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო არ დაისაჯა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი ოჯახის თავს დატრიალებული ეს არაადამიანური დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მფარველობის, მოწმეების შიშისა და საქმის ხანდაზმულობაზე აპელირების გამო, საქმის გამოძიებას, დღემდე ყველანაირად ხელს უშლიდნენ.
სენატორო რიშ, როგორც ამერიკის მოქალაქე, მოგმართავთ თქვენ, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ სენატოორს, მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არა თუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხონ და გაათავისუფლონ ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულები გამოიძიონ და საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ მას!", - წერს თამარ თორაძე.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა. „ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით", - წერს რიში.