თამთა ჩაჩანიძე
14.05.2020

„ევროპელებისთვის გამაოგნებელია ის, რომ რაზეც შეთანხმდნენ ახლა მასზე უარის თქმა ასე სპეკულატიურად ხდება, ეს არ გვიგულისხმიაო. იქ (შეთანხმებაში) პირდაპირ პრეზიდენტი წერია, ანუ პრეზიდენტი რას აკეთებს, მხოლოდ იწყალებს ხომ?"- ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერების შეწყალება-არშეწყალების გარშემო ატეხილ აურზაურს. მისი თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან გადაგდებების მთელი კასკადია, ამჯერად კი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები „გადააგდეს".

„სულ მინდა, რომ ქართული ოცნება დავიცვა ხოლმე, მაგრამ ისინი ჩემნაირ ადამიანებს, რომლებსაც ოპოზიციის მიმართ არავითარი სიმპატიები არა აქვთ, არავითარ შანსებს არ უტოვებენ, რომ მათი დაცვა მოვახერხო. უცნაურად იქცევიან. 14 ნოემბერს ჩაითვალა, რომ „ოცნებამ" საკუთარი ხალხი გადააგდო, მოატყუა, რამაც დასავლეთში აღშფოთება გამოიწვია, შემდეგ დიალოგში მესამე ძალა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები შემოვიდნენ, რათა ჩავარდნილი საქმე მოეგვარებინათ, ახლა კი უარესი გააკეთეს, პარტნიორები გადააგდეს, ანუ გადაგდებების მთელი კასკადი წამოვიდა, რაც ძალინ შემაშფოთებელია.

„ევროპულ დიპლომატიაში მოსულა ბევრი რამ - არაგულწრფელობა, ბოლომდე სიმართლის ართქმა, მაგრამ არ მოსულა გადაგდება, ტყუილი, შავზე თეთრის თქმა.

„ერთხელ ჰიტლერმა სტალინი გადააგდო, როცა ძალის არ გამოყენებაზე ხელი მოაწერა, დაარღვია და საბჭოთა კავშირთან ომი დაიწყო. როდესაც ხელი მოაწერეს, პარტნიორები იყვნენ, მაშინ მასშტაბები სხვა იყო, მაგრამ ახლა პარტნიორების გადაგდება ევროპულ დიპლომატიაში გაუგონარი ამბავია.

„ის ტექსტი, რაც 8 მარტს შედგა, უაღრესად დიპლომატიურ ენაზეა დაწერილი, რა თქმა უნდა იქ სიტყვა პოლიტპატიმარი ვერ ჩაიწერებოდა, რადგან „ოცნება" ამას არ დათანხმდებოდა, ამიტომ დიპლომატიურ ენაზე იმდენად კარგადაა დაწერილი, რომ ყველფერი ნათქვამია და ამ დროს ნაგულისხმებია და არა პირდაპირ დაწერილი.

„ევროპელებისთვის გამაოგნებელია ის, რომ რაზეც შეთანხმდნენ ახლა მასზე უარის თქმა ასე სპეკულატიურად ხდება, რომ ეს არ გვიგულისხმიაო. იქ პირდაპირ პრეზიდენტი წერია ანუ პრეზიდენტი რას აკეთებ, მხოლოდ იწყალებს ხომ? აბა სხვა რა შეუძლია მას გააკეთოს, აბა რატომ ჩაიწერა იქ პრეზიდენტი? ამიტომ ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში" არავინაა, ვინც მაზე იმსჯელებს და ეტყვის, რომ ხალხნო ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ყველა წესს არღვევსო.

„უგულავა და ოქრუაშვილი ჩემთვის სრულიდ მიუღებელი ფიგურები არიან, მაგრამ რაკი ითქვა, უნდა გაკეთდეს, მით უმეტეს უგულავა როცა ციხეში შეაბრუნეს, აქ უკვე პოლიტიკური ნიშნები გამოჩნდა, მეც არ მიყვარს ტერმინი პოლიტიკური პატიმრების გამოყენება, მაგრამ ისე იქცევიან, რომ იძულებული ხარ სათქმელი პირდაპირ უთხრა."-განაცხადა მან.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის კანონის უზენაესობის კუთხით, რაზედაც ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება მიგვანიშნებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზი გადაკვეთა.

„აქამდე საქმე რატომ მიიყვანეს? ესაა ის მომენტი, როცა „ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადალხა, ესაა პასუხი გადაგდებაზე. არა მგონია, რომ საქმე აქამდე უნდა მისულიყო, მაგრამ ეს მათ მიიყვანეს, ეს განცხადება რომ წავიკითხე, გულზე მეცა ძალიან და არ მომეწონა, მაგრამ ჩვენ ისეთი ყოვლად უპატიებელი საქციელი ჩავიდინეთ, რომ მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ასე გველაპარაკონ, ანუ გადაგდება არ მოსულა რა.

„ჩვენი პარტნიორები ჩვენივე დასახმარებლად და საკითხის მოსაგვარებლად ჩამოვიდნენ, საქმეშიც ამიტომ შემოვიდნენ, ისინი თავისთვის კი არა, დიალოგში ჩვენთვის შემოვიდნენ, მათ ვარიანტები შემოგვთავაზეს, ჩვენ ამ ვარიანტებს დავთანხმდით, რაც მაშინ იმ მოლაპარაკებებიდან ინფორმაცია გამოვიდა, ზუსტად ის იყო, რაზეც დღეს „ქართული ოცნება" უარს ამბობს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×