ია აბულაშვილი
14.05.2020

"აქციებს ამ ეტაპზე არ შევუერთდებით. "ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გვაქვს დისტანცირება, ორივე არის ქვეყნის პრობლემა. ორპოლუსიანი სისტემა უნდა დამთავრდეს, რომ არ იყოს მარტო მიშა და ბიძინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება სულ ეს იწილო-ბიწილო" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს.

ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს მმართველი გუნდისგან და აცხადებს, რომ თუ შეთანხმების მეორე პუნქტი არ შესრულდება, ანუ პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ბოიკოტს გააგრძელებენ და საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

"ძალიან სახიფათო პერიოდია. ხელისუფლებაში პოლიტიკური ლოგიკით არ მოქმედებენ და თავად გაეხვივნენ ამ შარში, ამიტომ ოპოზიციას ნუ დააბრალებენ, რაც ხდება. სჯობს, ახლავე გამოვიდეს ხელისუფლება და საჯაროდ განაცხადოს, რომ ყველა შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება. არჩევნებამდე თვეები რჩება და ჩვენ არ ვიცით, რა სისტემით ტარდება არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუცო ცვლილება ჩავარდება, შეიქმნება ქაოსი და დავბრუნდებით 90-იან წლებში. იმედი მქვს, რომ ხელისუფლება ამას აცნობიერებს. 22 მაისის შემდეგ, როდესაც მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა, ცვლილება ივნისის ბოლოს მიღებული უნდა იყოს და პროცესიც ესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ოპოზიციური ძალები ერთმანეთის კონკურენტები ვართ, საკონსტიტუციო ცვლილება ყველას გვჭირდება. მთავარია, ორპოლუსიანი სისტემა დამთავრდეს, არ იყოს მარტო მიშა და ბიძინა, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიეცეთ გამარჯვების საშუალება. თუ ისევ დარჩება ორპოლუსიანი სისტემა, სულ იქნება ეს იწილო-ბიწილო. შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობი თვის" ხელსაყრელია, რომ ხელისუფლებამ ეს შეთანხმება ჩაშალოს, რადგან ორ დიდ ფრონტს გახსნის, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მაგრამ ოპოზიციაში არიან კონსტრუქციული ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რისკი დიდია და ერთი საკითხის გამო საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა ჩაიშალოს.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ამ ეტაპზე აქციებს არ შევუერთდებით, "ქარულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გვაქვს დისტანცია. ორივე არის ქვეყნისთვის პრობლემა და თანაც მათ არ შეუძლიათ კონსტრუქციული თანამშრომლობა არც ერთმანეთთან და არც სხვა პარტიებთან," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×