
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 14 მაისს სოფელში 8 ახალი შემთხვევის გამოვლინდა. მედიკოსები ამ ფაქტს მასობრივ ტესტირებას უკავშირებენ, რაც ქვეყნის მაშტაბით გაზრდილია.
როგორც ექიმი-ინფექციოსტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ამის ფონზე, სხვა სოფლებსა და რეგიონებში მოსალოდნელი არაა მსგავსი ახალი აფეთქება.
„თეორიულად ყველაფრის შანსი არსებობს, მაგრამ ბოლნისში გასაკვირი არ არის, რადგან იქ ისედაც იყო შემთხვევები. ახალი შემთხვევები გამოიწვია იმან, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდზედამხედველობას ატარებს და იკვლევენ უფრო მასიურად.
„ეს არ არის სიახლე, რომ უცებ საინდაღაც ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, - ეს შედარებით ლოგიკურია, რადგან ბოლნისში პრობლემები დიდი ხანია გვაქვს. ასე რომ, რომელიმე რაიონში უცებ მსგავსი სიტუაცია შეიქმნას, ნაკლებად სავარაუდოა
„ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობა იმედის საფუძველს გვაძლევს. დინამიკა აშკარად პოზიტიურია. იმ ილუზიაში ვერ ვიქნებით, რომ უცებ გაქრება და აღარ იქნება ვირუსის შემთხვევები მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მკვეთრი აღმავლობა აღარ გვექნება," - აღნიშნა ბუწაშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გეტასა და მუშევანში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. 14 მაისს ამ სოფლებში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 671 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა. მათ შორის 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3 873 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404.