თამთა ჩაჩანიძე
15.05.2020

„ეს საკუთარი მომხრეებით გარისკვაა. ახალი კლასტერი თუ გაჩნდება, რაც ძალინ ცუდია, ამ კლასტერში უპირველეს ყოვლისა მათი მომხრეები აღმოჩნდებიან,"- ასე ფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის მიერ 20 ივნისს დაანონსებულ აქციას.

მისივე აზრით, პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები მოგროვდება, რადგან ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

„მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში მხარდამჭერები მოიკრიბებიან და ხმები მაინც მოგროვდება, იმიტომ, რომ თვითონ ოპოზიციაშიც ამ საკითხზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება არაა. თუ არ მოგროვდა, ძველის სისტემით ჩატარდება, რომელიც „ქართული ოცნებისთვის" დიდი დანაკარგი არაა, ერთი ეგაა, რომ უცხოეთიდან პოლიტიკური შეტევა ისევ ატყდება.

„თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ეს პატიმრები ციხიდან გამოუშვეს, გინდა პრეზიდენტის შეწყალებით და გინდა სხვა გზით, ნებისმიერი ნაბიჯი იქნება ილუსტრაციაა იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს საკონსტიტუციო ის ფორმატი, რაზედაც ხელი მოეწერა.

„საქმე ისე მიდის, რომ „ნაციონალურ მოძრობას" რაც დასჭირდება, საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერზე უცხოელებს მიუქსევს, რაც უფრო ხშირად გაუვა, ეს ხერხი, მით უფრო ხშირად გაიმეორებს.

„ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელებს ასიამოვნოს, ქართულ საზოგადოებაში დადებითად აღქმული არ იქნება. იმიტომ რომ საზოგადოებას არასოდეს არ უყვარს მთავრობა, რომელიც მარიონეტივით იქცევა, მოსახლეობას ყოველთვის უყვარს, როცა მთავრობა ღირსებას ავლენს," - თქვა მან.

მისივე აზრით, ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციაზე შეფასება ჯანდაცვისა და სამართალდამცავების მხრიდანაა გასაკეთებელი.

„ამაზე შეფასება ჯანდაცვის თვალსაზრისით არის გასაკეთებელი და მგონია, რომ ურყოფითი უნდა იყოს. აგერ ათ კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლებაო, ასევე შეფასება სამართალდამცავების მხრიდანაა გასაკეთებელი, წესით მათ ამის საშუალება არ უნდა მისცენ, დაშალონ ისე, რომ პანდემიური რისკი დაბალი იყოს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, მგონია, რომ ოპონენტებმა უნდა გააკეთონ აქცენტი თუ რა ტიპის განზრახვაა, ანუ განზრახვა, რომელიც ხალხის ჯანმრთელობას რაღაცა პროცენტით, მაგრამ რისკის ქვეშ აგდებს და რაც მთავარია საკითხავია რისთვის? და რაც მთავრია, ეს საკუთარი მომხრეების გარისკვაა. ახალი კლასტერი თუ გაჩნდება, რაც ძალინ ცუდია, ამ კლასტერში უპირველეს ყოვლისა მათი მომხრეები აღმოჩნდებიან.

„ასე რომ ოპოზიციის ეს ფრთა ამ შემთხვევაში საკუთარ მომხრეებს უშვებს დარტყმის ქვეშ. გაშვებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ერთი მიტინგით მეტი, ერთით ნაკლები რა მოემატება პოლიტიკურ რეალობას, საერთოდ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გასვლას მოახერხებენ, ეს მიტინგის ფორმას მიიღებს თუ არა, შეიძლება ქუჩაში შეუმჩნეველიც იყოს, რომ ეს მიტინგია, იმიტომ რომ მხარდამჭერები სულ უფრო აკლდებათ და ახლა მით უფრო ნაკლები იქნება," - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×