ელზა პაპოშვილი
15.05.2020

გასულ 24 საათის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულების უმრავლესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერია. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შემდეგ კი საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაშიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული. 

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 671 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 393 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 3 873  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 404  პირი.  

ჩაიკეტილ  ბოლნისის რაიონის სოფელი გეტას  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.  როგორც სოფლის გარე პერიმეტრს აკონტროლებენ, ასევე გადაადგილებიდან უშუალოდ სოფელში და მოსახლეობას შეკრებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ასევე, სამართალ–დამცველები მათ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვას სთხოვენ. 

თუმცა, არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას სოფელში კორონავირუსის არსებობის არ სჯერა და ისინი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის ინფორმაციით, სოფელ გეტასა და მუშევაში მოსახლეობის კვლევა კორონავირუსზე მასობრივად დაიწყება და მომდევო დღეებში უფრო ნათლად გამოჩნდება, რა ვითარებაა ამ მიმართულებით. 

„ახლა დაიწყება მასიურად აღება ბიოლოგიური სინჯების და გვიჩვენებს ხვალინდელ და ზეგინდელი დღე, თუ რა მდგომარეობა გვექნება ამ სოფლებში. გეტაში გამოვლენილია და მუშევანში ნაწილი ოჯახის კონტაქტებია, ნაწილი უცნობი. დისტრიბუციები პროდუქტების და სამედიცინო თვალსაზრისით რაც საჭიროა, ყველაფერი რაც იყო დღემდე, ისე გრძელდება მუშაობა,“ - განაცხადა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით კი სოფელ გეტასა და სოფელ მუშევანში თერმო სკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს.

„ბოლო შემთხვევები არის 17 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 8 არის სოფელი გეტა და სწორედ არის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. ჩაკეტილ სოფლებში იგეგმება სპეციალური თარიღებია შერჩეული, როდის განხორციელდება თერმო სკრინინგის მესამე ეტაპი. რაც შეეხება ტესტირებას, მიმდინარეობს აქტიურად, განსაკუთრებით ამ ორ სოფელში, სოფელი გეტა და სოფელი მუშევანი,“ - აცხადებს  მაკა მამარდაშვილი.

სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტის  თბილისში, შესაბამის საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან. 

რაც შეეხება პაციენტების ჯამრთელობის მდგომარეობას, მათ შორის სამი არასრუწლოვანის, ყველა მათგანის დამაკმაყოფილებელია. ახლად გამოვლენილ პაციენტებში ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკია.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი  მარინა ეზუგბაია კი ამბობს, რომ   გამოჯანმრთელებული იყო 383 პირი და მხოლოდ 19 შემთხვევა დაემატა. მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ 393 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

„ამჟამად, ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 ახალი დადასტურებული შემთხვევის ყველა წყარო ცნობილია. აქედან 17 ბოლნისის მუნიციპალიტეტის კლასტერია, ძირითადად ორი სოფელია, გეტა და მუშევანი. ორი შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია, ხოლო ერთიც საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×