"საქართველომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, ვიდრე სხვა უფრო ძლიერმა ქვეყნებმა"
თამარ მუკბანიანი
15.05.2020

ზუსტად ორი თვის შემდეგ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იხსნება. მსგავსი რეჟიმის პრაქტიკა პანდემიის პირობებში თითქმის ყველა ქვეყანას ჰქონდა, თუმცა ჩვენთან სამთავრობო შეზღუდვებით ეკონომიკა სრულად გაჩერდა. ახლა მთავარია რეჟიმის მოხსნის შემდეგ, რა რეგულაციები დარჩება და რამდენად შეძლებს ბიზნესი და ეკონომიკა ორ თვის სრული ვარდნის შემდეგ, მუშაობის გაგრძელებას.  

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივება არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება, თუმცა ის შეზღუდვები, რომელზედაცც ეპიდემილოგები გასცემენ მითითებას, დარჩება. გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, პარლამენტთან ერთად შეიმუშავებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, საგანგებო ვითარების გარეშე დააწესოს კონკრეტული შეზღუდვები.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა შეზღუდვები მოიხსნება და როგორ პირობებში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება. სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომელი სექტორები დაზარალდა ყველაზე მეტად და ისიც, რომ ქვეყანა ადგილობრივი რესურსით პოსტპანდემიურ პერიოდს ვერ დაძლევს. ამასთან საგარეო ვალის ნახტომისებური მატება მოხდება. 

თავისთავად მოხსნილი საგანგებო არაფერს ნიშნავს, თუ არ გვეცოდინება დეტალურად, რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის აზრით, ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, ვიდრე სხვა უფრო ძლიერმა ქვეყნებმა.

,,აუცილებელია დავიწყოთ იმით, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაბრუნდება ძველ კალაპოტში. ჯერ კიდევ არ ვიცით, რჩება თუ არა რეგულაციები, რომლებიც ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად აფერხებს.  ჩვენთვის არავის უთქვამს, იხსნება თუ არა კომენდანტის საათი ან შეზღუდვა მანქანაში სამზე მეტი პირის გადაყვანაზე. ეს არის რეგულაცია, რომელიც მნიშნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ აქტივობას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიცით რა სამეცდიცინო ეფექტი აქვს ამ შეზღუდვებს, მაქვს ეჭვი რომ არც არსებობს ამის ახსნა. სამაგიეროდ, აქვს ბევრი უარყოფითი მხარე, რომელიც ეკონომიკაზე დამღუპველად მოქმედებს. 

ასე რომ, თავისთავად გაუქმებული საგანგებო არაფერს ნიშნავს, თუ არ გვეცოდინება დეტალურად, რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება. როგორ შეხვდება ეკონომიკა პოსტ პანდემიურ პერიოდს, დამოკიდებულია იმაზე, რა გასაქანს მივცემთ მას. აფბა-ს რეკომენდაცია იყო, რომ დაბალრისკიან ადგილებზე შეზღუდვები მოხსნილიყო და მათთვის მუშაობის საშუალება მიეცათ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რთულია ითქვას, რომ საგანგებოს მოხსნით, ეკონომიკა წელში გაიმართება, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა შემდეგია - ეკონომიკას მივცეთ ამუშავების საშუალება ხელოვნური გაჩერების გარეშე.  

ორი აზრი არ არის, ამ ვირუსს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურ ეკონომიკაზეც ჰქონდა უარყოფითი შედეგი, მაგრამ საქართველომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, ვიდრე სხვა უფრო ძლიერმა ქვეყნებმა. სხვას არავის, საერთოდ არავის გაუჩერებია ეკონომიკა სრულად, ამიტომ უფრო მძიმე იქნება შედეგები ჩვენთან“, - განუცხადა ბაირახტარმა ,,რეზონანსს". 

ეკონომიკისა ვარდნა რომ უკვე რიცხვებშიც აისხება ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, აპრილსა და მაისში მშპ-ს ვარდნის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იქნება. ეკონომიკის სრული გაჩერება, პანდემიის შესაჩერებლად მისაღებია ეკონომიკის დოქტორის, სანდრო თვალჭრელიძისათვის. სპეციალისტი ამბობს, რომ ბიზნესი 22 მაისის შედეგ იქნება ისეთივე მდგომარეობაში, როგორც მძიმე ავადმყოფი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე. 

,,იმისათვის, რომ დავინახოთ რამდენად აუცილებელი იყო რეგულაციები, რომლებიც გვქონდა, უნდა შევადაროთ ჩვენთან ეპიდვითარება აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა მეზობელ ქვეყნებს. რასაკვირველია, არ იქნება მარტივი ამ ვითარებიდან გამოსვლა და ეკონომიკა და ბიზნესიც იქნება ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ადამიანი მძიმე სენის დაძლევის შემდეგ, რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზეა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ყველა არსებული რეგულაცია იყო აუცილებელი“, - აღნიშნა "რეზონანსთან სანდრო თვალჭრელიძემ. 

საგანგებო რეჟიმი საქართველოში 22 მარტს, თავდაპირველად ერთი თვის ვადით ამოქმედდა და მისი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება კი ხელისფულებამ გაუარესებული ეპიდვითარებით ახსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×