თამარ შუკვანი
16.05.2020

„ევროპული საქართველო" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, რომელმაც 15 მაისს მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ექსმინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. თუმცა, სერგი კაპანაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ელოდებიან შემდეგ ნაბიჯს, რაც „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში პარტია საარჩევნო კოდექსში საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების 120/30 პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს.

„ეს იყო ძალიან სწორი მიმართულებოთ გადადგმული ნაბიჯი. როგორც გუშინ გვიან ღამით ამერიკის საელჩომაც აღნიშნა, ეს იყო 8 მარტის შეთანხმების განსახორხიელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ახლა დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი - ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება. როგორც კი ეს მოხდება და ველოდები, რომ უახლოეს ხანებში მოხდება, საკანონმდებლო ცვლილებებს დავუჭერთ მხარს.

„მგონია, რომ იქნება და არ გახდება საჭირო რაიმე დამატებითი სპეკულირება, თუ ამის შემდეგ რა მოხდება. ამდენი კეთილგონიერება ეყოფა ხელისუფლებას, რომ კიდევ მეტად არ გაამწვავოს და არ გამოსცადოს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მოთმინება. ამით არავინ იგებს - ქვეყანა და თვითონ „ქართული ოცნება" ზარალდება.

„არანაირი ეფექტური შედეგი მიღწეული არ არის. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ იმ სისულელეებს აღარ გაიმეორებენ, რაც ბოლო დღეებში ყველამ ერთად ვნახეთ. ამ შეთანხმების შესრულება კარგი არის იმისთვის, რომ იყოს შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო გარემო და არ იყოს ის დაპირისპირება, რაც ვნახეთ ბოლო წელიწადის განმავლობაში. იმედია, დარჩენილი მონაკვეთი იქნება შედარებით ნორმალურ კალაპოტში, რაც ქვეყანას სჭირდება," - აღნიშნა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×