
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს, რომელმაც 15 მაისს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგილავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი შეწყალების აქტი გამოსცა, უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე გაუმართლებელს უწოდებენ. მისი თქმით, პრეზიდენტის არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო და უგულავასა და ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა ქვეყანაში კრიზისს ვერ გამოიწვევდა.
„არ მგონია, რომ ეს გამართლებული იყოს და მათი ციხეში ყოფნით რაიმე კრიზისი ემუქრებოდეს ქვეყანას. ისინი კონკრეტული დანაშაულისთვის იყვნენ გასამართლებული და არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური პატიმრები. მგონია, რომ მისი (პრეზიდენტის) აქტი არ იყო გამართლებული.
„მეორე საკითხია - მას აქვს უფლება ეს გადაწყვეტილებები მიიღოს. მოვისმინეთ კიდეც ის განმარტებები, რომლითაც იხელმძღვანელა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე პირადად ამ საკითხში არ ვეთანხმები," - თქვა არველაძემ.
მისივე თქმით, არათუ გიორგი რურუას, არამედ უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვებაც მიუღებელი იყო. შესაბამისად, მისთვის გაუმართლებელია იგივე გადაწყვეტილება იქნას მიღებული გიორგი რურუას შემთხვევაშიც.
„ჩემი აზრით, არცერთი არ უნდა იყოს გათავისუფლებული," - აღნიშნა არველაძემ.