ტატა შოშიაშვილი
16.05.2020

აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნები შესაძლოა „რესპუბლიკის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს, ან სახელმწიფო გადატრიალებსაც კი გეგმავენ. ამის შესახებ მინიშნება თავად მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააკეთა სოხუმში აღმოჩენილ იარაღის მასშტაბურ სამალავზე საუბრისას.

თბილისში მიიჩნევებ, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ბჟანიას მიერ „პრემიერ-მინისტრად" დანიშნულ ალექსანდრე ანქვაბს უკავშირდებოდეს, რომელსაც, მისი „პრეზიდენტობის" დროს, 4-ჯერ მოუწყვეს ტერაქტი.

„ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე ანქვაბის წინააღმდეგ იბრძოდა... როგორც წესი, საქმესი ჩართულები არიან ვიწრო კრიმინალური ჯგუფების და არა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას სოხუმში ნაპოვნი დიდი რაოდენობით იარაღოს წარმომავლობასა და დანიშნულებაზე.

სოხუმში კარტოზიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპისის ერთ-ერთ ბინაში დე ფაქტო შსს-სა და „კა-გე-ბეს" წარმომადგენლებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და სხვადასხვა სახის იარაღი ამოიღეს. სულ ნაპოვნია სხვადასხვა კალიბრის რამდენიმე ათასი ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის საჭირო ელემენტები, ხელყუმბარები და დეტონატორები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები და მათი ჭურვები, ხელის ტყვიამფრქვევები და შესაბამისი ვაზნების ლენტები, ასევე სხვადასხვა იარაღისათვის განკუთვნილი მაყუჩები და ფარული სროლის მოწყობილობები, რამდენიმე ათეული ავტომატი, რომლებიც პოლიეთილენის პაკეტებსა და ნაჭრებში იყო გახვეული, ასევე პისტოლოტებით სავსე ხელის ჩემოდანი.

ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ შეიარაღების კვალი დე ფაქტო ძალოვანი უწყებებისკენ მიდის.

„თქვენ ნახეთ ის არსენალი, რომელიც ამოღებულ იქნა. ეს არსენალი არაა იმისთვის, რომ დანაშაული ჩაიდინონ, გაძარცვონ ხალხი და ბანკები. იქ იყო ორი ბომი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებები, რომელიც ტერაქტისთვის იყო გამზადებული. და ამასთან კავშირი აქვს „სამხრეებიან ხალხს", - განაცხადა ბჟანიამ აფხაზეთის „სახელმწიფო ტელე -და რადიოკომპანიის" ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე აფხაზეთში ჯერ არავინ დაუკავებიათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აფხაზეთის „მაღალჩინოსნების" წინააღმდეგ მსგავსი სახით მომზადებული და განხორციელებული ტერაქტების შესახებ ცნობილი ადრეც გამხდარა და მსხვერპლიც მოჰყოლია:

„აფხაზეთის დღევანდელი „პრემიერი" ალექსანდრე ანქვაბი ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის ებრძოდა კრიმინალს და კორუფციას. როდესაც ანქვაბი დე ფაქტო პრეზიდენტი იყო, 4-ჯერ მოხდა ტერაქტი და ეს არ იყო სპექტაკლი, რადგან სხავდასხვა ტერაქტების დროს, სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა.

„ოთხივე შემთხვევაში გადარჩა და აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთ შემთხვევაში აფხაზეთის საზოგადოებას არ უთქვამს, რომ ქართველები აწყობდნენ ამას - მიზეზს ყოველთვის შიგნით ეძებდნენ.

„როგორც ჩანს, ეს გრძელდება. არის აფხაზეთში ვიღაც, ვისაც არ აწყობს წესრიგი, კრიმიმნალის ალაგმვა და კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომ გასაკვირი არ არის აღნიშნული ინფორმაცია.

„არც ბაღაფშის, არც არძინბას, არც ხაჯიმბას დროს არ ყოფილა ტერაქტების ასეთი კასკადური მცდელობები, როგორიც იყო ანქვაბის დროს. ყველა გრძნობს, რომ „პრემიერი" სერიოზულად აპირებს კრიმინალთან ბრძოლას. თითის დადება ძნელია, თუ ვინც ახორციელებს ამას, მაგრამ ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე ანქვაბის წინააღმდეგიბრძოდა", - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე ვარაუდით, აღნიშნული ტერაქტის მომზადებაში პოლიტიკოსების ხელი არ ურევია და ფიგურირებენ, ძირითადად, ბიზნესმენები, რომელთაც ხელს არ აძლევს კორუფციის წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები:

„არ მგონია, ამ დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, რადგან, როგორც წესი, საქმესი ჩართული არიან ვიწრო კრიმინალური ჯგუფების და არა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები. პირობითად, თუ ამ საქმეში ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის მომხრეები არიან ჩართული, ამ ქმედებით არაფერს მოიგებენ - პირიქით, კიდევ უფრო არაპოპულარულები გახდებიან.

„ტერაქტების ფორმებს ძირითადად ის ხალხი იყენებს, ვისაც კრიმინალთან და კორუფციასთან აქვს საქმე. სავარაუდოდ, ეს არ არის პოლიტიკური ძალები, არამედ ისინი, ვიცსაც ბიზნესი და წილები აქვთ აფხაზეთში, რისი დაკარგვაც არ უნდათ.

„გარე ფაქტორებისთვის, საქართველსთვის ან რუსეთისთვის, არც ერთხელ არ დაუბრალებიათ აფხაზებს მსგავსი შემთხვევების დაგეგმვა და განხორციელება. რადგან არ აბრალებენ გარე ფაქტორებს, ე.ი. თვითონ იციან რა ხდება, რადგანაც ლეგენდების შეთხვზა იმის შესახებ, რომ შეიძლება საქართველოდან იყოს დაგეგმილი, მაშინ იწყება, როდესაც არ იციან ვინ მონაწილეობს საქმეში.

„რაც შეეხება რუსეთს, მას არ აწყობს აფხაზეთში არეულობა. შეიძლება, ვიღაც რუსეთიდან მოქმედებს - გარკვეული ბიზნეს ძალები, კორუფციული ძალები, კრიმინალები - ეს სხვა საკითხია. აფხაზეთის ტერიტორია იმდენად პატარაა, რომ დიდი ბიზნესის წარმოება მხოლოდ აფხაზეთის მასშტაბებით შეუძლებელია. ბუნებრივია, რომ იქ მიმდინარე ყველა კრიმინალური და კორუფციული პროცესები,გარედან იმართება. მაგრამ არ მგონია, რომ კრემლი და რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება იყოს ამაში ჩართული", - განმარტავს ყოფილი მინისტრი „რეზონანსთან" საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×