თამარ შუკვანი
16.05.2020

დღეს საქართველოს უფრო მეტი საფუძველი აქვს, რომ კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულდა გამოაცხადოს, ვიდრე სლოვენიას, რომლის მთავრობამაც შაბათს ოფიციალურად გამოაცხადა კორონავირუსი დამარცხებულად და მომავალი კვირიდან ყველა დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

სლოვენიის მთავრობის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად აღარ იზრდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 7-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, სლოვენიაში ეპიდემია დასრულებულად გამოცხადდა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა იწყება - მომავალი კვირიდან ამუშავდება ყველა ტიპის მაღაზია, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, განახლდება სწავლა სკოლებში, აღდგება ავია მიმოსვლა და განახლდდება სპოტრული ტურნირები.

როგორც ცერცვაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, თუკი ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირების მხოლოდ მინიმალური შემთხვევები ფიქსირდება, მთავრობას უფლება აქვს ეპიდემია ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადოს, მაგრამ ეს ეპიდემიიის სრულად დამარცხებას არ ნიშნავს.

„ამაზე ოფიციალურად არავითარი განმარტება არ არსებობს, თუ როდის შეიძლება გამოცხადდეს დასრულებულად და როდის - არა. როდესაც საერთოდ არ ფიქსირდება ახალი შემთხვევა, მაშინ არის დასრულებული. როდესაც ფიქსირდება, მაგრამ ცოტა, ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა ამას დასრულებულს დაარქმევს თუ არა.

„ეს სლოვენიის მხრიდან ერთგვარი პიარ ნაბიჯი იყო, თორემ მას სულაც არ აქვს სხვებზე უკეთესი მდგომარეობა. სლოვენიაზე უფრო მეტი საფუძველი, რომ გამოეცხადებინა პანდემია დამთავრებულად, საქართველოს ჰქონდა. სლოვენიაში 1 463 ინფიცირებულია, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში; 103 გარდაცვლილი - ცხრაჯერ მეტი, ვიდრე ჩვენ. სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს 7%. ყველა მაჩვენებლით აქვთ ბევრად ცუდი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს, მაგრამ მათმა მთავრობამ დასრულებულად ჩათვალა, რაც უფრო სიმბოლურია.

„იგივე წარმატებით, უფრო მეტი საფუძველი გვქონდა გამოგვეცხადებინა დასრულებულად. ჩვენთან, ბოლნისის შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, ბოლო დღეებში 4-5 (ახალი შემთხვევა) ფიქსირდება. სლოვენიას არ აქვს ცუდად საქმე, მაგრამ არც ისე კარგად, რომ თქვან - „დავამთავრეთ". არ უნდა ჩაითვალოს, რომ იქ დასრულდა, უბრალოდ, პირობითად გამოცხადებაა.

„დასრულებულად შეგიძლია გამოაცხადო მაშინაც, თუ იქნება 5-6 (ახალი შემთხვევა დღეში), როგორც ჩვენ გვქონდა ბოლოს და ჩათვალოთ, რომ ერთეული შემთხვევები დასაშვებია და ეს არ ცვლის ცხოვრების რიტმს. ამასაც შეიძლება დაარქვა ეპიდემიის დასრულება, მაგრამ ნამდვილი დამთავრება ჰქვია, როდესაც ორი კვირის განმავლობაში არ ფიქსირდება არცერთი შემთხვევა," - თქვა ცერცვაძემ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 677 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 419 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3822 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×