რეზონანსი
17.05.2020

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფლების - ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები და ბოძები მიიტანეს. 

„რეზონანსს“ ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრები მოსახლეობა უყვება, რომ ოკუპანტები დამატებით ავლებენ მავთულხლართებს და ბოძებს ადრე არსებულ ე.წ. საზღვარზე ამატებენ. გაურკვეველი მიზეზებით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზზე ზომებს ამკაცრებენ. 

ადგილობრივი მზია გაგუა „რეზონანსს“ უყვება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ადგილზე მიიტანეს მავთულხლართების გროვა, აფართოებენ საგუშაგო პოსტებსაც და ე.წ. საზღვარს ქართული მხარის მიერ კონტორლირებად მხარეს შვიდი მეტრით წევენ.

ოკუპანტებმა ადგილზე სამშენებლო მასალებიც მიიტანეს. ბორდერიზაციის სამუშაოებისთვის მზადება რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს.

„ოკუპირებულ ე.წ. საზღვართან აქტიური სამუშაოები დაიწყეს. დილიდან მავთულხლართების გროვა, სამშენებლო მასალები და ბოძები მოიტანეს. გაურკვეველი მიზეზით კონტროლს და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. სადღაც შვიდი მეტრით არიან გადმოწეულები. ზოგი ამბობს, რომ შესაძლოა 2008 წლის დროს გავლებული მავთულხლართების გამაგრება უნდათ. მოსახლეობის ნაწილი კი შიშობს, რომ შესაძლოა ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიონ. 

„რა თქმა უნდა, მოსახლეობა შეშინებულია და რუსების ნებისმიერი აქტიურობა განგაშის მიზეზი უნდა იყოს. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. ამის შემდეგ დაყარეს ბოძები და სამუშაოები არ დაუწყიათ. თუმცა ველით, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში ისევ გამოჩდებიან. ასე უცებ ჩნდებიან და ქრებიან, რაც უნდათ იმას აკეთებენ, ვინ რას დაუშლით? ჩვენ კიდევ თვალს შორიდან ვადევნებთ“, - უყვება ადგილობრივი „რეზონანსს“. 

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც ეხმაურება. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყების განცხადებით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. 

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ ხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.

„აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაწყებულ უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას სამარცხვინო პროცესს უწოდებს. ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრა.

„ჩვენ ყველანი ვართ მოწმე იმ სამარცხვინო პროცესის, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი სამწუხაროდ ეწევა ჩვენს შიდა ტერიტორიაზე. საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, აფხაზეთი კი არის მისი განუყოფელი ნაწილი, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები და არ არიან ისინი რუსეთის „მზრუნველობის“ ქვეშ - არ სჭირდებათ მათ არანაირი მზრუნველობა, ვინაიდან ჩვენ, საქართველო, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვიჩენთ პასუხისმგებლობას და ყველას ჩვენივე სახელმწიფოში აქვს თავისუფალი, როგორც გადაადგილების, ასევე მოქმედების უფლება. 

„ასევე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ დღეს, როდესაც უჭირს მთელ მსოფლიოს ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ თითოეული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, მივიღოთ, ვუმკურნალოთ შევიფაროთ - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

„ის სამარცხვინო პროცესი, რაც დღეს მიდის და აქ ცვლიან, ასე ვთქვათ დამპალ ბოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზსაც ისევე მალე ჩვენ ვერ ვიხილავთ, როგორც ვერ ვიხილავთ იმას, რომ რუსეთი ეწევა თავის სანუკვარ მიზანს - საქართველოს გახლეჩვის და გაყოფის,“ - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×