ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნულის შესახებ PIA.GE-ს შსს-დან აცნობეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.