
გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის მხრიდან იყო პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას ისახავდა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან მარინა კალიურანდმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მარინა კალიურანდი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო პერიოდში.
"სამწუხაროა, რომ 8 მარტის ხელშეკრულების განხორციელება დროში გაიწელა. გუშინ მე დავუკავშირდი ჩემს კოლეგა დავით სონღულაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ დისკუსიები გაგრძელდება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში," - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე მსჯელობს.