
ბოლო პერიოდში დასავლური მედია ხშირად საუბრობს კორონავირუსის შემდგომ განვითარებულ კავასაკის სინდრომზე, რომელიც ცხელებით მიმდინარეობს და ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.
საყურადღებოა, რომ კავასაკის სინდრომი გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. საქართველოში ამ გართულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. აშშ-ში კი ამ სინდრომის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 ბავშვი გარდაიცვალა. მათ კავასაკის სინდრომი კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ განუვითარდათ.
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის დილაში" ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კავასაკის სინდრომი, როგორც გართულება, საქართველოში არ დაფიქსირებულა.
„ჯერჯერობით არცერთ კლინიკას არ გაუვრცელებია კავასაკისსინდრომიანი ბავშვის მიღების შესახებ. რომ ყოფილიყო შემთხვევა, ამის შესახებ ნამდვილად ითქმებოდა", - დასძინა ბუწაშვილმა.
ინფექციონისტის განცხადებით, კავასაკის სინდრომი მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული არ არის და იგი დიდი ხანია ისტორიულად არსებობს, თუმცა შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა.
„დაავადების გამომწვევი ხშირად უცნობია, თუმცა ინფექციურ დაავადებებს უკავშირებენ. მეტწილად კორონავირუსის დაავადების გადატანის შემდეგ მოჰყვება სიმპტომები. კანზე სფეციფიკური გამონაყარი, ლინფური კვანძების გადიდება, თვალზე კონიუტქივიტი, მაღალი ტემპერატურა და სხვადასხვა სახის გაურკვეველი ტკივილი", - განაცხადა ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, იგი, ფაქტობრივად, სისხლძარღვების ანთებაა და გულს აზიანებს.