
შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილების პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.
კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების" დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.
მთავრობას უნდა მიენიჭოს უფლება, კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე, საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე კრიზისული ვითარება დაარეგულიროს. ასევე, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა, სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცვლილებები კანონში მთავრობას საშუალებას მისცემს ეპიდსიტუაცია გააკონტროლოს.
ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვის რაც საჭიროა, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში.
ან უნდა მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება რამდენიმე ასეული ინფიცირებული, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ცვლილებების წინააღმდეგია და არადემოკრატიულ ინიციატივად აფასებენ.
ოპოზიცია ახალ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე მისცემს, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები დამტკიცდება, შესაძლოა მთავრობამ წინასაარჩევნო პერიოდში შეძლოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების აკრძალვა.
გარდა ამისა, აუკრძალოს მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება.